მთავარი,სიახლეები

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

22.06.2016 • 1572
მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა.
სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან თუ არა იმის შესახებ, რაც მათი ადმინისტრაციული შენობის წინ ხდება? – ამის პასუხად სოფო გუჯაბიძემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის რა ხდება, მაგრამ იცის იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებთან ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] იყო მისული.
20 წუთის წინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პოლიციამ და უნიფორმის გარეშე მყოფმა ადამიანებმა დაშალეს გონიოს მოსახლეობის აქცია ძალის გამოყენებით.

მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია

მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია

უნიფორმის გარეშე პოლიციელები აქციის დაშლის შემდეგ საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდნენ, რამაც აქციის მონაწილეებში გაღიზიანება გამოიწვია.
პოლიციამ ასევე იძულების წესით წაიყვანა პარკინგიდან აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომანქანა. სწორედ მაშინ, ერთი მოქალაქე მანქანის შეჩერების მზინით მიკროავტობუსის ქვეშ შევარდა. პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით გამოათრიეს და დააკავეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, არ დაიშლებიან.
გონიოს მოსახლეობა 5 დღის განმავლობაში ბათუმის მერიასთან მართავდა საპროტესტო აქციებს. დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლა.

აჭარის მთავრობა, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, საარჩევნო წელს, როგორც ჩანს, უკმაყოფილო ხალხის პროტესტს მის ადმინისტრაციული შენობასთან აღარ დაუშვებს. შედეგად, აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
გონიოს მიწებთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძემ გუშინ შემდეგი განმარტება გააკეთა: “ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: