ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება აქ მოსახლეობა,“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, მუხამედ ცინცაძემ.
აპირებს თუ არა პოლიცია აქციის დაშლას? – შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა გადაკეტილი არ არის და პოლიცია აქციის მონაწილეების დაშლას არ აპირებს: „ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილეა შეკრებილი, იქვეა პოლიციის მხოლოდ სამი თანამშრომელი და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს“.
საზღვრისპირა სოფლების 200-ზე მეტი ოჯახი, ჰესის მშენებლობის გამო, მათთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვს.