მთავარი,სიახლეები

ლაშა სირაბიძე: გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გავხადოთ

14.06.2016 • 3121
ლაშა სირაბიძე: გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გავხადოთ

საკრებულოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გახდეს.

ლაშა სირაბიძეს გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შემოსაღებად აქვს საკუთარი არგუმენტები: „ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროფესიონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. უბრალოდ, იმას ვამბობთ, რომ ერას ქუჩა [ეს ამ ქუჩის ძველი სახელწოდებაა-ავტ.] დღესდღეობით არის საშინელ მდგომარეობაში. ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც არ არიან ჩამოსული სტუმრები, არ არიან მანქანები…“

ლაშა სირაბიძე

ლაშა სირაბიძე

ლაშა სირაბიძის აზრით, ცვლილებები საჭიროა სხვა ქუჩებზეც. მაგალითად ასეთი, გორგასლის ქუჩიდან სამარშრუტო ტაქსებმა რომ იმოძრაოს, ხოლო ფარნავაზ მეფეზე – მხოლოდ ავტობუსებმა. ამ შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ტრასპორტზე.

„ფარნავაზ მეფის ქუჩაზე პარკირება იყოს ცალ მხარეს, ოღონდ მანქანები დადგეს ცერად. ასე შეიძლება პარკირების პრობლემა აღარ შეიქმნას“, – ესეც ლაშა სირაბიძის ხედვაა ქუჩების განტვირთვასთან დაკავშირებით.

ამ საკითხში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ ეთანხმება ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიგა ჩხეიძე. „ვიღაცა კვალიფიციურმა ადამიანმა  რომ მკითხოს, რაზე დაყრდნობით შეცვალეო, რა ვუპასუხო? რა უნდა ვაჩვენო – ჩვენი ჰიპოთეტური მოსაზრებები?  თვითმმართველობის კოდექსით ეს გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს, მაგრამ არამგონია, ეს სწორი იყოს, ეს არაპროფესიონალურია, ჩემი აზრით“, – განაცხადა გიგა ჩხეიძემ.

გიგა ჩხეიძის ამ კითხვებს რიტორიკული კითხვითვე უპასუხა ლაშა სირაბიძემ – „დაუშვათ და გამოვიდა, მერე რას შვრებით?!“.

რაზეც გიგა ჩხეიძემ უპასუხა: „მოსინჯვად ღირს თუ არა, მე არ ვიცი. არ მგონია თვითმმართველობამ ექსპერიმენტი… არ ვიცი. მინიმალური შესწავლა გვჭირდება, არ შეიძლება ასე“.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, როლანდ ბერიძემ თქვა, რომ თუ ამ ფორმით შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, უკმაყოფილო იქნება როგორც ხალხი, ისე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები: „მარშრუტკის მძღოლები ადგებიან ფეხზე – 700 კაცი მოგადგება აქ. რუსთაველზე საერთოდ ვერ მოძრაობენ, გორკს ცალმხრივს უხდი, ფარნავაზ მეფიდანაც თუ იქეთ გადაისვრი, მარშრუტკა რას იზამს. მძღოლიც უკმაყოფილო იქნება და მოსახლეობაც – დიდი გზა  ექნებათ ადამიანებს ფეხით გასავლელი“.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ზურაბ გვარიშვილი, რომელმაც დააფიქსირა, რომ გათვლის გარეშე მსგავსი ცვლილებები დაუშვებელია, „რადგან ძნელია ვიცოდეთ რა შედეგები გვექნება. ასე სპონტანურად ძნელია, მერე შეიძლება იმავე პარკირებასთან დაკავშირებით უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, ასევე ნაკადებთან დაკავშირებითაც“.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ბოლო ორ-სამ წელიწადში მანქანების რაოდენობამ ბათუმში 2-3-ჯერ მოიმატა.

გიგა ჩხეიძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს იქვე სთხოვა 200 ლარით დააჯარიმონ ის მანქანების მძღოლები, რომლებიც პარკინგზე არასწორად აჩერებენ მანქანებს და ამით მოძრაობას აფერხებენ. „ჩვენი 10 ლარის არ ეშინიათ“, – დასძინა მერიის  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ღამის ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა.

ღამის ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: