მთავარი,სიახლეები

მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

14.06.2016 • 1962
მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

მოსამართლეთა არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაიწყო არსებითი განხილვა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების”  მომზადებული სარჩელის, რომელიც მოსამართლის არჩევის მოქმედი წესის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

“სამი ყოფილი მოსამართლეა ამ სარჩელის კონკრეტული ავტორი. მათ რამდენჯერმე სცადეს გამხდარიყვნენ მოსამართლეები, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიღეს. პრობლემა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინც ირჩევს მოსამართლეებს, არ აქვს არანაირი დასაბუთების ვალდებულება” – უთხრა „ბათუმელებს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

მოსამარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იღვევა “საქართველოს კონსტიტუციის” 29-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას, ასევე 42-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირს უნდა შეეძლოს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაწუნებულ მოსამართლეობის კანდიდატს არ აქვს არც გასაჩივრების უფლება, რადგან მისთვის გაურკვეველია, რის გამო უთხრეს უარი.

საქმეზე მოპასუხე საქართველოს პარლამენტია. პარლამენტის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. საია-ს იურისტი ამბობს, რომ პარლამენტს კანონის “საერთო სასამართლოების შესახებ” შეცვლა მოუწევს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო  მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და მოსამართლის არჩევის წესი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: