მთავარი,სიახლეები

მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

11.06.2016 • 3072
მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს?

უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე  საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ სკოლაში  მათემატიკის გამოცდა 18-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. აქედან, ექვსი მოსწავლე მეორედ გავიდა გამოცდაზე და მაინც ჩაიჭრა.

მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლიდან საყვედურის მოლოდინი მაინც აქვს. „მაქვს ეს განცდა, რომ შეიძლება არ დამითხოვონ, მაგრამ დიდ საყვედურს მაინც მივიღებ. შევეცდები ყველა ზომა მიიღოს სკოლამ, რომ გაკვეთილები აღარ გაცდეს.“

ზოგიერთი მოსწავლის თქმით, ჩაჭრილ მოსწავლეთაგან 1-2 პედაგოგთან კერძოდაც ემზადებოდა, თუმცა ქემალ ხიმშიაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ტყუილია ეს, აბიტურის საათებიც კი არ მქონია წელს მე-12 კლასელებთან“, –  ამბობს ის.

მასწავლებლის აზრით, ჩაჭრის მიზეზი შეიძლება ემოციური ფონი იყოს, რადგან ერთ მოსწავლეს სასწრაფო დახმარებაც დასჭირდა. „არ მქონდა იმის განცდა, რომ ეს ბავშვები გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ხუთ ქულას რომ ძლივს ვუწერდი“.

პედაგოგის აზრით, წარუმატებლობის მიზეზი დაბალი მოტივაციაცაა: „დაამთავრა უმაღლესი, ვერ დასაქმდა, ოქროს მედალი აიღო და არანაირი პრივილეგია არ აქვს. ამ ყველაფერმა იმოქმედა.“

თუკი მოტივაცია დაბალი აქვთ მოსწავლეებს, მაშინ რატომ გადიან ჩაჭრილები მომდევნო წელს გადაბარებაზე? –  ქემალ ხიმშიაშვილის აზრით, ეს მენტალობის ამბავია: „რა გითხრა აბა, საქართველოა, ხომ იცით“.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებლის გაშვებას ჩაჭრილი მოსწავლეების გამო არ აპირებს. „იმის გამო, რომ შედეგი ვერ დადო, პედაგოგის სკოლიდან გაშვება არ არის სწორი. უბრალოდ, სკოლა გამოიკვლევს მიზეზებს, რაში დავუშვით შეცდომა და მონიტორინგის შემდეგ გამოვასწორებთ ამ შეცდომების.“

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ მათემატიკა ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლია“, რაშიც ნაწილობრივ პედაგოგების ბრალსაც ხედავს: „ჩვენს სკოლაში 22 მოსწავლე ჩაიჭრა და აქედან 19 მოსწავლე მათემატიკაში.  მიზეზი ის არის, რომ სუსტად არიან მოსწავლეები მომზადებული. პრობლემაა ისიც, რომ კვალიფიციურად ვერ ვასწავლით“.

დირექტორის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც სკოლა ჩაჭრილი მოსწავლეების სიმრავლე-სიმცირის საფუძველზე მასწავლებელს დაითხოვს: „ეს გამორიცხულია, ამის მექანიზმი არ არსებობს. მასწავლებლის კომპეტენციის დადგენა სკოლას არ შეუძლია. სკოლას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მოძებნოს გზები და მათემატიკის სწავლება გააუმჯობესოს“.

მე-16 საჯარო სკოლაში მათემატიკას 64 წლის პრაქტიკოსი მასწავლებელი, ზურაბ ძველაია ასწავლის. მისი აზრით, წელს გამოცდებზე იმიტომ ჩაიჭრა ბევრი, რომ კონტროლი გამკაცრდა. „წინა წლებში ბავშვები ერთმანეთის დახმარებით აბარებდნენ. ამას ნებისმიერი მასწავლებელი დაგიდასტურებთ. წელს კი ამის საშუალება არ იყო“, – გვეუბნება ის.  მასწავლებლის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ამის შესახებ იცოდნენ _ თუმცა, `უწინ თვალს ხუჭავდნენ და წელს არ დახუჭეს თვალი“.

მე-16 საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებს მთლიანობაში 82 მოსწავლე აბარებდა.

127 მოსწავლიდან ცხრა მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც.

50-დან 18 მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, წელს მეთორმეტეკლასელების აკადემიური დონე დაბალი იყო: „მასწავლებელი უნდა იყოს კვალიფიციური, რადგან უფროსი კატეგორიის მასწავლებელი მათემატიკაში მყავს ორი, მაგრამ სერტიფიკატი აღებული აქვთ 1-6 კლასების ჩათვლით, მაღალ კლასებში სერტიფიცირებული მასწავლებელი არ მყავს“. დირექტორის თქმით, მოსწავლეები არ იყენებდნენ აბიტურის საათებს მოსამზადებლად, „ათი მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე იყო დარეგისტრირებული და ალბათ კერძო რეპეტიტორთან ემზადებოდნენ. ერთმა მშობელმა მითხრა, რომ 120 დოლარს იხდიდა მომზადებაში, მაგრამ მარტო რეპეტიტორი ვერ უშველის, თუ მოსწავლემ არ მოინდომა“.

118 მოსწავლიდან 22 ჩაიჭრა ბათუმის #18 საჯარო სკოლაშიც. აქედან დაახლოებით იგივე რაოდენობაა ჩაჭრილი სხვა საგნებშიც. დირექტორი რამაზ ადაძე მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ პედაგოგი არ არის და მოსწავლემ კარგად უნდა გამოიყენოს აბიტურის საათები. „წელს ცოტა გამკაცრებულიც იყო საგამოცდო პროცესი, ყველაფერზე შენიშვნას აძლევდნენ და შეიძლება ამანაც იქონია გავლენა,“-  ამბობს დირექტორი.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის, ირინა აბულაძის შეფასებით, დირექტორმა მასწავლებლის ავკარგიანობაზე გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ხელთ შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს და „ეს მხოლოდ მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა არ არის“.

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესის შეფასება, რომელიც სქემაშია განსაზღვრული. სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს მასწავლებლის პორტფოლიო და თუ შეფასების ჯგუფი დაინახავს, რომ მასწავლებელი ვერ აუმჯობესებს საგაკვეთილო პროცესს, არ აქვს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ჰქონდა მიცემული, დირექტორს შეუძლია განიხილოს ეს საკითხი სკოლის სამეურვეო საბჭოსთან და პედსაბჭოსთან ერთად და მიიღოს გადაწყვეტილება პედაგოგის დათხოვნის შესახებ“- ამბობს ის.

რაც შეეხება სკოლებში მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას, ირინა აბულაძის თქმით, მათემატიკაში შარშან ჩატარდა ეროვნული კვლევა, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

ირინა აბულაძის თქმით, კურუკულუმი მე-7-დან მე-12 კლასამდე მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო სტანდარტებს უწესებს: „მხოლოდ სავარჯიშოების მიცემა მათემატიკურ აზროვნებას ვერ განავითარებს, მოსწავლეს უნდა შეეძლოს მათემატიკური ფიგურების სივრცითი წარმოსახვა, სხვადასხვა სიმულაციები და ა.შ. ამიტომ მასწავლებლებთან უნდა ვიმუშაოთ ამაზე“.

ირინა აბულაძის თქმით, წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში მათემატიკის მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგებიც არის დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: