მთავარი,სიახლეები

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

11.06.2016 • 1922
20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით სკოლაში არსებულ ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს თხოვდა. მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების მასალებს, რომელიც ისედაც საჯაროა და ატვირთულია ვებგვერდზე: სპა.გე

„არ ვიცი, რა არის მისი მიზანი, ინფორმაციის მიღება თუ სხვა რამ, რადგან დოკუმენტაციის დიდი ნაწილი მივაწოდეთ, ნაწილზე მივუთითეთ, რომ ისედაც საჯაროა და ატვირთულია ელექტრონულად, მაგრამ მაინც ქსეროასლებს ითხოვდა. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გადაეხადა მოსაკერებელი, რადგან დიდ ინფორმაციას ითხოვდა და ამდენი ფურცლის დაქსეროქსება არა მარტო ადამიანურ რესურს და დროს მოითხოვს, ფინანსურადაც ძვირი ჯდება. თუმცა, გიორგი ტატიშვილმა არ გადაიხადა მოსაკრებელი და სასამართლოში გვიჩივლა,“ –  ამბობს დირექტორი მანანა მიქელაძე.

სასამართლოში სკოლის ინტერესებს ბათუმის რესურსცენტრის იურისტი, მიხეილ რიჟვაძე იცავდა. ადვოკატის თქმით, სასამართლოზე, რომელიც 27 მაისს გაიმართა, გიორგი ტატიშვილმა შეამცირა საჯარო ინფორმაციის მოცულობა და მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

„გარდა ამისა, ის ითხოვა 599 ლარს საადვოკატო მომსახურებისთვის (ორგანიზაციის ხელმძღვანელიც და ადვოკატიც თვითონ გიორგი ტატიშვილია). სასამართლომ 20-20 ლარის გადახდა ექვს საჯარო სკოლას დააკისრა,“ – გვეუბნება ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს არ ჩაბარებია. უცნობია აპირებს თუ არა გიორგი ტატიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„მე ჯერ არ ვაპირებ ამ 20 ლარის გადახდას, რადგან არ ვიცი რას იზამს გიორგი ტატიშვილი,“ –  ამბობს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია.

საჯარო სკოლები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებენ ჩამოტვირთონ ელექტრონულად ატვირთული, ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შემდეგ ისევ ელექტრონულად გადაუგზავნონ გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას.

საჯარო სკოლები ამბობენ, რომ გიორგი ტატიშვილმა ანალოგიური მოტივით ათეულობით სკოლას უჩივლა, მათ შორის თბილისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: