მთავარი,სიახლეები

გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

09.06.2016 • 2852
გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

სანამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს უზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების და სამოქმედო პროგრამის შესახებ, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან – მათი თქმით, თითქმის ერთი თვეა მდინარე ბარცხანა ნავთობითაა დაბინძურებული და აქ მცხოვრებ ოჯახებს ძლიერი სუნი აწუხებთ.

„იძახიან მიწიდან ამოდისო, არაფერი მიწიდან არ ამოდის, როგორც ჩანს სადღაც მილი გახლეჩილი. ტერმინალმა ჩვენ არ გვეკუთვნისო, უფროსობა არ მოდის, გამოუშვეს ორი მუშა, მათ რას ვერჩით, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. გარემოს დაცვის ინსპექცია მოდის და მიდის. რამდენი წელია ამ დღეში ვართ უკვე. დავიხრჩვით ნავთობის სუნში“ – ამბობს ბაქრაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები „ბათუმელებთან“.

ნავთობის სუნი და მდინარის ნავთობით დაბინძურება ბარცხანაში ახალი თემა არ არის, წლებია მოსახლეობა უბანში ამაზე საუბრობს, თუმცა მათი პრობლემა ამ დრომდე ვერ გადაიჭრა – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს „ისტორიული პრობლემაა“, თუმცა გამოსავალი დღემდე ვერ მოიძებნა.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში უთხრეს, დაახლოებით ათი დღის წინ მათთან შევიდა შეტყობინება ბარცხანიდან, თუმცა ადგილზე გასულმა ჯგუფმა დაბიძნურება ვერ აღმოაჩინა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ დაბიძნურება ისტორიულია და ამას შესაძლოა ძველი მილებიც იწვევდეს.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურსს დაბინძურების გამომწვევი პირისათვის/კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრება შეუძლია. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. თუმცა აქ მცხოვრებ ადამიანებს ჯარიმის დაკისრება კი არა პრობლემის მოგვარება სურთ.

ამავე თემაზე:

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები – 2016 წელი.

ნავთობპროდუქტები მდინარის კალაპოტში – 2014 წელი.

ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში – 2012 წელი.

ნავთობი, წყალი და ნაგავი – ეკოსაფრთხეები ერთი უბანში – 2008 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: