მთავარი,სიახლეები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

09.06.2016 • 3593
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვა ბინაც აქვს. უნივერსიტეტი პროფესორებს სასამართლოში უჩივის.

პროფესორი ინდიკო აბაშიძე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში 1989 წელს შესულა. მოსკოვიდან ჩამოსული ხარისხდაცული ახალგაზრდისთვის საერთო საცხოვრებლის დროებით სარგებლობის უფლება მაშინდელ რექტორს, დურსუნ ბალაძეს მიუცია. „მართალია, ეს არაა საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი, მაგრამ რისთვის მახდევინებდნენ მაშინ ამდენი წელი შუქის, წყლისა და გაზის გადასახადს?

ჩვენ მართლზომიერი მფლობელები ვართ, არ ვეხებით უნივერსიტეტს. შენობის ეს ნაწილი უნივერსიტეტს არც არასდროს გამოუყენებია, როგორც ადმინისტრაციას, ასევე სტუდენტთა საცხოვრებლად. ჩვენ გვაქვს ცალკე შესასვლელი და ეს პროფესორებისთვის გამოყოფილი ბლოკია,“ – ამბობს ინდიკო აბაშიძე.

„იმ დროს პედაგოგიური ინსტიტუტი გვერქვა ჩვენ,“ – გვიყვება უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, თემურ გოგმაჩაძე. ისიც უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა ყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ფლობს 75 კვადრატულ მეტრს უკვე 50 წელია: „რექტორი კარლო დოლიძე იყო, სტუდენტი ვიყავი, როცა აქ შემომიყვანა, ტელეფონიც დამიდგა, თავისი ხელით გასაღებიც ჩამაბარა და წავიდა. მერე პარტიული მდივანი გავხდი და მომცეს ბინაში დარჩენის უფლება ისევ რექტორის ბრძანებით. ცოლი მოვიყვანე, შვილებიც აქ შემეძინა და შვილიშვილებიც. ამ ბინამ და დავამ დამიზიანა ნერვული სისტემა, დედა ამ ბინიდან გავასვენე, მეუღლეც“.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება სახელმწიფოს ეკუთვნის და ის უზუფრუქტის წესით, 2005 წელს გადასცეს უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, მათ შორის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების საერთო საცხოვრებელი.

2007 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილ შენობაში გადავიდა. „უზუფრუქტი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. უზუფრუქტით გადასცეს ქონება, თორემ მე, პროფესორი როგორ გადამცეს?“ – კითხულობს ინდიკო აბაშიძე. ჩვენს თხოვნაზე, მიეთითებინა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რაც მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, პროფესორმა `საქართველოს კონსტიტუცია“ დაგვისახელა: „კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ ნაწილში წერია, რომ თუკი ხარ ქონების კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელი 13 წლის განმავლობაში, ხდები კანონიერი მესაკუთრე. როგორ თუ არ არის ასე? იურისტებს წამოცდათ ეს ჩვენთან. მოსამართლესაც ვუთხარით.“

კონსტიტუციის მე-13 მუხლში წერია: „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმე იყო და სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის საერთო საცხოვრებლით სარგებლობა ერთგვარი კომფორტიც იყო, პროფესორებმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ ახალი საცხოვრებელი ბინების აშენებაც კი მოახერხეს რუსთაველის ქუჩაზე, #61-ში. უნივერსიტეტის შენობაში მცხოვრები პროფესორები საკუთარი ფულით შეძენილ ბინებში არ გადასულან და ბულვართან, მელიქიშვილის ქუჩაზე დარჩნენ. ახალი ბინები შვილებს აჩუქეს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ ბინების დაცლისკენ მოუწოდა.

„რატომ გაინტერესებთ, რას ეძებთ ახლა? არაფერს ვმალავ, მე ავაშენე ეს ბინა და შვილს ვაჩუქე. ჩემი შვილისაა, ჩემი ხომ არაა? ჩემი ბინა ესაა, მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა ვცხოვრობ,“ – გვითხრა ინდიკო აბაშიძემ ბსუ-ს საერთო საცხოვრებელზე.

შვილს აჩუქა ბინა პროფესორმა თემურ გოგმაჩაძემაც. არგუმენტი მასაც იგივე აქვს.

მაგალითად, განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ დარეჯან გელაძეს კი, სხვა ბინაში გადასვლის შემდეგ, უნივერსიტეტში მოწყობილი საცხოვრებელი თავისი დისთვის დაუთმია, რომელიც უნივერსიტეტში საერთოდ არ მუშაობს. „სტუდენტი ვიყავი და გადმომცეს ბინა საერთო საცხოვრებელში, მერე ლექტორად დავიწყე მუშაობა და დავრჩი. კი, ახლა ნამდვილად ჩემი და ცხოვრობს იქ. არ მცალია ახლა მეტი მე,“ – ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ეს პროფესორი.

უნივერსიტეტი საცხოვრებელი ფართობის დაცლას სთხოვს დავით ბერიძესაც. ის ყოფილი პროფესორია. მისი შვილიც, ჯუმბერ ბერიძე, ვისაც „ბათუმელები“ გაესაუბრა, პროფესორების აზრზეა: „ჩვენ მივიღეთ ეს ბინა, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა, მეწყერში მოვყევით და მამაჩემი უნივერსიტეტში მუშაობდა 1964 წლიდან. 1989 წლიდან აქ ვცხოვრობთ. უნივერსიტეტი არ გვაძლევდა საბუთს, თორემ აქამდე რეესტრში დავირეგისტრირებდით“.

ამავე შენობაში ცხოვრობენ სხვადასხვა რექტორის ბრძანებით შესული პროფესორი გელა მამულაძე და უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი თეიმურაზ ჭყონია. „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

პროფესორების წინააღმდეგ დავა 2007 წლიდან გააქტიურდა. მანამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ქონების დაცვა არ უცდია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ – საქმეს ამ სახელწოდებით ბათუმის საქალაქო სასამართლო უკვე ორი წელია განიხილავს. უნივერსიტეტმა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს განუმარტა, რომ ეს საცხოვრებელი ბინები სჭირდება ახალი ლაბორატორიებისა და კაბინეტების მოსაწყობად, ასევე მოწვეული ლექტორების დროებით განსათავსებლად.

„ჩვენ წარვადგინეთ რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ფართობები უნივერსიტეტს გადმოსცა სარგებლობაში სახელმწიფომ. პროფესორებს აქვთ მხოლოდ სხვადასხვა რექტორის ბრძანებები, რომელიც ნებისმიერი სტუდენტის შემთხვევაში გაიცემა, როცა ის საერთო საცხოვრებელს იკავებს,“ _ გვითხრა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ამ პროფესორებს შესთავაზა, ასევე დროებითი სარგებლობის უფლებით, დაეკავებინათ მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა, სადაც ამჟამად მოქმედებს საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტმა ამ შეთავაზებაზე საკუთარი პროფესორებისგან უარი მიიღო.

„ორწლიანი პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული ვადა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დასჭირვებოდა,“ _ ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის ეჭვობს, რომ უნივერსიტეტიც თავს არიდებს ამ დავის გადაწყვეტას, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია უშუალოდ პროფესორების წინააღმდეგ: „სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სასურველ შედეგს. უნივერსიტეტის მიზანია გამოთავისუფლდეს ეს ფართობები, რაც ვერ მოხდება, რადგან ედავებიან კონკრეტულად პროფესორებს და არა მათი ოჯახის წევრებს. მათ ვერ გამოასახლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.“

„ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცედენტი. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ისევ მივმართავთ სასამართლოს და მერე უკვე იოლი იქნება საქმის სისრულეში მოყვანა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. მისი თქმით, პროფესორების ოჯახის წევრებს ვერ უჩივლეს იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემების მოპოვება ვერ შეძლეს.

„ჩვენ მერაბიშვილის სამინისტრომაც ვერ დაგვამარცხა, არ გვეშინია. პოლიციაც იძიებდა ამ საქმეს და ვერაფერი გაარკვიეს,“ – გვითხრა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ, როცა `ბათუმელებთან~ გასაუბრების შემდეგ ტელეფონზე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ მისი კომენტარის გამოყენების უფლება აღარ გვქონდა: „თქვენი კითხვები გავაანალიზე და მივხვდი, რომ უნივერსიტეტის პოზიციას ემთხვეოდა. თუ რამეს დაწერთ, მომჩივანი მხარის პოზიცია არ დაწეროთ, ესენი ისედაც გვავიწროვებენ“.

უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი

უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: