მთავარი,სიახლეები

“სლავა 2015” ტროტუარის აღდგენას აღარ აპირებს

08.06.2016 • 1759
“სლავა 2015” ტროტუარის აღდგენას აღარ აპირებს

“ტროტუარის აღდგენას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს სასამართლოს არ დაუვალებია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანიის „სლავა 2015“-ის იურისტი, გურამ ღოღობერიძე. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენა, სადაც წერია, რომ კომპანია უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. იურისტის განმარტებით, მათთან მერიას არ უდავია მიყენებული ზიანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის კუთხით. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში.

„მერიას შეეძლო თავიდანვე დაეყენებია ეს მოთხოვნა და სასამართლო იმსჯელებდა ამ კუთხით. ამჯერად, თუკი კომპანია უარს აცხადებს ტროტუარის აღდგენაზე, მერიამ ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს”- განმარტავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

„სამართალდამრღვევად ცნობა გულისხმობს იმას, რომ მან დააზიანა გზის საფარი და უნდა აღადგინოს. მე ვიცი, რომ კომპანია თანახმაა ზიანი აანაზღაუროს. უბრალოდ, ამისთვის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უნდა მისცეს, რომ კომპანიას ამ მშენებლობაზე შესვლის უფლება მიეცეს. ვერ გეტყვით, რატომ არ დადგა თავიდანვე მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების კუთხით. ეს იურისტებმა უდნა თქვან” – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ.

აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტომ გასულ კვირას დაუდასტურა „ბათუმელებს“, რომ “სლავა 2015”-მა ტროტუარის აღდგენის პროექტით უკვე მიმართა. სააგენტოს დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი დღესაც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანია არ ამბობს უარს ტროტუარის აღდგენაზე, მაგრამ ის “სლავა 2015”-ს ვაჟა-ფშაველას 13-ში ბეტონის შეტანის უფლებას არ მისცემს: „ვიცი, რომ კომპანია თანახმაა აღადგინოს ტროტუარი, მაგრამ უნდა გააკეთოს ისე, რომ ბეტონი არ შეიტანოს ამ ობიექტზე და კედლის აშენება არ დასჭირდეს. იქ კიდევ რას გააკეთებს, არ ვიცი, ამიტომაც არ ვენდობი. საბჭოს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავს“.

kldiashvili 1

კომპანია „სლავა 2015“-ის მიერ მოწყობილი ღობე კლდიაშვილის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას 13-ის მიმდებარედ]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: