მთავარი,სიახლეები

სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

07.06.2016 • 1723
სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიამ ჯიხურები შეისყიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, ბათუმში სუვენირებით 40 პირი ვაჭრობს. მერიამ კი მათთვის მხოლოდ 25 ჯიხური შეისყიდა.

როგორ მოახერხებს მერია დარჩენილ 15 პირთან მოლაპარაკებას? – ამაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრი გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგება, ამიტომ მისი აზრით, მერიამ კიდევ 15 ჯიხური უნდა შეისყიდოს.

გოგა ლომაძის თქმით, კიდევ ახალი შესყიდვა პროცესს დროში გაწელავს: „ეს გამოიწვევს იმას, რომ გარე ვაჭრობა ამ სეზონზეც შენარჩუნდება, რაც არ შეიძლება, აკრძალულია. შესაძლებელია შეკავშირდეს ორი, ან სამიც კი და ერთად აიღონ ეს ჯიხური. პრობლემები რომ იქნება, ეს ვიცით და მზად ვართ. ყველა გვყავს წინასწარ გაფრთხილებული. ინფრომაციაც დავურიგეთ წერილობით და პირადად შეხვდა მათ მერი.“

საკრებულოს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმითაც დაიტერესდა გამოიყენებს თუ არა საკრებულო „მანამდე დამზადებულ ე.წ. „ერმაკოვის ჯიხურებს“ – რაზეც გოგა ლომაძემ უპასუხა, რომ ეს ჯიხურები არა ერმაკოვის მუშაობის დროს, არამედ უფრო ადრე დაამზადეს.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა დღეს, 7 ივნისს, მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური საფასური – ერთეულ ჯიხურზე 250 ლარის ოდენობით. ამავე განკარგულებით ბათუმის მერს მიეცა აღნიშნული ობიექტების განკარგვის უფლება.

ამავე თემაზე:

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმში რკინის ჯიხურებს იღებენ

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: