მთავარი,სიახლეები

პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს

07.06.2016 • 1485
პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს

მსჯავრდებული კ.მ. ბათუმის ციხიდან საკუთარ სამედიცინო ისტორიას ითხოვს. მისი თქმით, ის მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეა და სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. პატიმარი აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს. ის წერილს “ბათუმელების” გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს უგზავნის.

ამავე წერილში პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმს, ინგა სურმანიძეს მიმართავს და მისგან სამედიცინო დოკუმენტაციის [ისტორიის] მიღებას მოითხოვს. მსჯავრდებული წერილში მთავარი ექიმის მიერ მისთვის მანამდე მიწერილი ოფიციალური პასუხიდან ამონარიდსაც გვაცნობს: “საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს 109-ე ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს ეკრძალება საკანში ნებისმიერი დოკუმენტაციის შენახვა. მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, გადავცემთ დოკუმენტაციის ასლებს შესაბამის ადრესატს”.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ კ.მ.-ს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, სასჯელის მოხდის პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია გადაეცა მიმდინარე წლის 31 მაისს.

წერილი, რომელიც მსჯავრდებულმა კ.მ.-მ გამოგვიგზავნა, 30 მაისით არის დათარიღებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: