მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ამოქმედდა



3 ივნისიდან ამოქმედა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა – „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად.

2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას კი, კოორდინაციას გაუწევს და მის მონიტორინგს განახორციელებს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკისა, ხოლო 1/3 − 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკისა. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 პროცენტამდე და 40 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი − 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის − 73 წლამდე“.

დადგენილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, 2002 წლის აპრილში მიღებულ იქნა დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს 10 ვალდებულებას, რომლებშიც, თავის მხრივ, მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და პოლიტიკური პრინციპები. ეს ვალდებულებებია:

  1. პოლიტიკის ყველა მიმართულებით მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგი;
  2. ხანდაზმულთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
  3. მოსახლეობის დაბერების საპასუხოდ ეკონომიკის თანაბარი და მდგრადი ზრდის ხელშეწყობა;
  4. სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება;
  5. შრომის ბაზრისთვის შესაძლებლობის მიცემა, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის დაბერების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე;
  6. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების და განათლების სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა;
  7. ყველა ასაკში ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების (მათ შორის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის) ხელშეწყობა;
  8. ხანში შემავალ საზოგადოებაში ძირითადი აქცენტის გენდერულ მიდგომაზე გაკეთება;
  9. ხანდაზმულებზე მზრუნველი ოჯახების და მათ წევრებში თაობათაშორისი სოლიდარობის ხელშეწყობა;
  10. ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის დანერგვის და რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტში მისი შემდგომი მოქმედებების ხელშეწყობა.

„საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით 2013 წელს თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურ კომისიას, საქართველოს მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის შემუშავებაში დახმარებოდა…. მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი საქართველოს მთავრობას გადაეცა და ოფიციალურად იქნა წარდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის დაბერების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბერს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასახლეში გაიმართა“ – აღნიშნულია პარლამენტის დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

გაერო: 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2.4 მილიონ ადამიანამდე შემცირდება

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას ასახელებს

რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com