მთავარი,სიახლეები

ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავია, სამუშაოები შეჩერდა

30.05.2016 • 2021
ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავია, სამუშაოები შეჩერდა

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში,  სადაც  ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ვოლსკის სავარაუდო საფლავია, საკომუნიკაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე  ტექნიკური პრობლემებია მოსაგვარებელი.

„მაგ ადგილზე, სადაც ეკლესიის ნაშთებია და საფლავის მოკვლევა უნდა დაიწყოს, გადის მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელები. ეს რომ გამოვრთოთ, მაშინ ნახევარი კვარტალი გაითიშება. ამიტომ, ეს საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ელექტროენერგია ხნით დიდი არ გათიშოს“.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, მან წერილობით „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასაც მიმართა, რომ სამუშაოების წარმოების დროს, ეზოში დენი ორი საათით გაითიშოს. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ეკლესიის საძირკვლის გათხრა და იმის გარკვევა, ნამდვილად არის თუ არა იქ გრიგოლ ვოლსკის საფლავი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ვოლსკი ეკლესიის შესასვლელთან იყო დაკრძალული, ამიტომ  ეს ადგილი უნდა დავადგინოთ სად არის. თუ იქ არ აღმოჩნდა, მაშინ სხვა ტერიტორიის გათხრას აზრი აღარ აქვს.

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ  სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლები მოედანს, სადაც გათხრები უნდა დაიწყოს, ხვალ  დაასუფთავებენ და შემდეგ  დაიწყება  შესწავლა.

„იმ შემთხვევაში, თუ ეზოში გრიგოლ ვოლსკის საფლავი მართლა აღმოჩნდება, მის ნეშტს გადაასვენებენ, კორპუსების ეზოში კი შესაძლებელია  სიმბოლურად პატარა მემორიალიც გაკეთდეს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: