მთავარი,სიახლეები

ძეგლის რესტავრაცია თუ ხელყოფა

29.05.2016 • 3454
ძეგლის რესტავრაცია თუ ხელყოფა

ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლისგან, რომელსაც „ჩეხოვის სახლს“ უწოდებენ, მხოლოდ ფასადი დარჩა. კომპანიამ, რომელსაც ამ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთეს, შენობის შიდა კედლები მთლიანად დაშალა. როგორც პროექტიდან ჩანს, იცვლება შენობის სახურავიც. ხელოვნებათმცოდენები პროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი განმარტებით რეაბილიტაცია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას არ გულისხმობს – „ეს ძეგლის ხელყოფას ნიშნავს“.

ამა თუ იმ პროექტისა თუ იდეის წინასწარ განხილვისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად ხვდება და მათ მოსაზრებებს ისმენს, თუმცა რამდენად ითვალისწინებენ თუნდაც დარგის სპეციალისტებისგან მოსმენილს სააგენტოში გადაწყვეტილებების მიღებისას – ეს სხვა საკითხია. დაზუსტებით შეიძლება ის ითქვას, რომ მოსაზრებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ჩეხოვის სახლი“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტთან მიმართებაში არ გაითვალისწინეს. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ პროექტი იმ სახით არ უნდა განხორციელებულიყო, რა სახითაც ახლა ხორციელდება:

ჩეხოვის სახლი - მიმდინარე სამუშაოები

ჩეხოვის სახლი – მიმდინარე სამუშაოები

მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კომპანია „ზუ-კას“ 29 წლის ვადით გადასცა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ზუ-კა“ აუქციონის წესის თანახმად იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველეყო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავება, „რომელიც არ უნდა ითვალისწინებდეს შენობის მასშტაბის მნიშვნელოვან ცვლილებას, ხოლო ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ბათუმისა და კინემატოგრაფიის კავშირის მდიდარი ისტორიის ამსახველი მასალა.“
საკონსულტაციო საბჭოში წარდგენის შემდეგ საბჭოს წევრმა ნინო ინაიშვილმა პროექტი ხელოვნებთმცოდნეებს გადაუგზავნა. მათ ის დაიწუნეს და ამის შესახებ შეტყობინებები წერილობითაც გადაუგზავნეს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნატო ცინცაბაძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილმა შეაფასეს.

„ამ სახლს ისტორიულ-მემორიალური და არქიტექტურული ღირებულება აქვს. ის ქუჩის მასშტაბის შესანარჩუნებლადაც უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც კი კუთხის შენობას უცვლი მასშტაბს და სახეს, ორივე ქუჩის მიმართულებით ცვლილების განხორციელების მეტი შესაძლებლობა ჩნდება. რაც შეეხება პროექტს, მარტო ფასადის შენარჩუნება არ არის შენობის ხელშეუხებლობა. დაშენება აქტიურია. თითქოსდა მსუბუქი მასალის გამოყენების მიუხედავად იგი აწვება, ამძიმებს შენობას. პროექტი მიუღებელია.“ – ამონარიდი ირინე ელიზბარაშვილის შეფასებებიდან.

ნატო ცინცაბაძის აზრით: „პროექტის განხორციელება მთლიანად შეცვლის სახლის მხატვრულ სახეს, ტიპოლოგიას, რომელიც ასე დამახასიათებელი იყო ძველი ბათუმისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში განვითარებული პროცესების შედეგად ისედაც ცოტა დარჩა ბათუმში მსგავსი სახლები, რა თქმა უნდა ძეგლთადაცვის სამსახურების პოლიტიკა გადარჩენილი ობიექტების იდენტიფიცირება და დაცვა უნდა იყოს. აჭარის ძეგლთა დაცვას კი ვშიშობ არანაირი ხედვა ისტორიული ბათუმის ფასეულობების არ გააჩნია. ამიტომაც დაუსრულებლად ვკამათობთ იმაზე, რაც საკამათო არ არის.“
რა ხედვა და აქვს სააგენტოს ამ პროეტთან მიმართებაში, ამის შესახებ „ბათუმლებმა“ სააგენტოსგან პასუხები ვერ მიიღო. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსი ნინო ჯაფარიძე „ბათუმელებს“ ჯერ კომპეტენტურ პირთან ჩაწერაზე შეთანხმებას დაგვპირდა, შემდეგ კი „ინფორმაცია გამოითხოვეთო – მიგვითითა.

„თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს ამას, ალბათ პირველ რიგში ძეგლის ხელყოფა. კანონმდებლობით ძეგლზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რესტავრაცია. თუკი არ არის კონსტრუქტორის დასკვნა, რომ ეს შენობა წარმოადგენს საფრთხეს, საგანგაშო მდგომარეობაშია და სხვადასხვა მიზეზების გამო აუცილებელია მისი დემონტაჟი. აქ არ იყო მსგავსი შეფასება“ – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე.

შენობის ფასადზე განთავსებული ბანერის მიხედვით „ჩეხოვის სახლში“ მისი ახალი მფლობელი რესტორნის გახსნას გეგმავს. სამუშაოებს კომპანია „ხინო“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

უკვე დამტკიცებული პროექტის მიხედვით სახლს დაქანებული სახურავის ნაცვლად ბრტყელი სახურავი ექნება. სახურავზე კი ტერასის მოწყობააა გათვალისწინებული. შოთა გუჯაბიძის მონაყოლით სააგენტოსთან არსებულ საბჭოში ამ პროეტის განხილვისას ყველაზე მეტი კითხვა და აზრთა სხვადასხვაობა სწორედ სახურავმა გამოიწვია:

„ჩვენთვის მიუღებელი იყო პროექტის ამ სახით განხორციელება და ძირითადად ეს ეხებოდა შენობის მეორე ნაწილს. შეუთანხმებლობა ძირითადად იყო სახურავთან დაკავშირებით. პროექტის ავტორი ამბობდა, რომ ეს ავთენტურობას ხაზს უსვამს. ჩვენ ვითხოვდით, რომ შენობის კონტური და სილუეტი შენარჩუნებულიყო, თუნდაც მხოლოდ რუსთაველის მხარე დარჩენილიყო იგივე. არქიტექტორი ამბობდა რომ კრამიტი ბათუმისთვის არ არი დამახასიათებელი, ბათუმში კრამიტიანი სახლი პრატიკულად არ არსებობსო. ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ეს არ ვიცი, რადგან ბათუმში რომ გაიარო დღემდე ძალიან ბერვრი სახლია კრამიტით, ამას სპეციალისტი არ სჭირდება.“

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაკეთება რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის სახელით ბათუმში სიახლე არ არის. მსგავსი ტენდენცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში წინა მთავრობის დროსაც შეინიშნებოდა, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას მხოლოდ ფასადი რჩებოდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ფოსტის ისტორიული შენობაა ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დარჩა.
სააგენტოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება კიდევ რამდენიმე ძეგლზე აქვს დაგეგმილი. მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. „საბაევის სახლი“ მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში და გრაფი სერგეევის სასახლე მახიჯაურში ჯინჭარაძის #22-ში. ამ შენობებზე სამუშაოების ჩარების მიზნით სამუშაოები სააგენტომ ელეტრონული ტენდერით უკვე შეისყიდა. შესყიდვის ბიუჯეტი 9 000 ლარამდეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში მწერალთა კავშირის და დრამატული თეატრის შენობებზეც, სადაც სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: