მთავარი,სიახლეები

ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის

28.05.2016 • 2059
ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის

დღეს კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მოსახლეობა შეპირებულ კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, კომპანია უკვე ჰესის ამუშავებას გეგმავს, მოსახლეობას კი ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანიამ დაიკავა. გარდა ამისა, მოსახლეობა კომპანიისგან იმ ნაკვეთების შესყიდვასაც ითხოვს, რომლებიც ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ მათთვის სასარგებლო აღარ არის.

აქციის მონაწილეებმა, დღეს, სამი საათის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

„კომპანიამ დაიკავა კარგი ნაკვეთები და დარჩა უვარგისი. ამ უვარგისზე ჩვენ რაღა ვქნათ? – და ახლა ამბობს ნახევარი მჭირდება მხოლოდო. ადრე შეგვპიდნენ, რომ შეისყიდდა მთლიანობაში და არა ნახევარს. მთავრობამ შექმნა კომისია, რომელმაც იმუშავა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედგი. ჩვენ ვითხოვთ მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს.“

დღეს აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ენერგეტიკის სამინისტროს წარომამდგენელი დავით შარიკაძე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ელოდნენ. სამინისტროს წარომადგენელი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ხვალ, 29 მაისს მათთან სოფელში ენერგეტიკისმინისტრის მოადგილე,  ილია ელოშვილი მივა და პრობლემას ადგილზე შეისწავლის. ილია ელოშვილი ამჟამად ბათუმში იმყოფება.

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში

აქცია ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

აქცია ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძეც დაესწრო. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საკითხით დაინტერესდება:

„მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ინვესტორი მათ უფლებებს არღვევს. ისინი ყურადღებას ითხოვენ მთავრობისგან. ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ დამატებითი ინფრომაცია და შევისწავლოთ საკითხი“.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” ორ კალაპოტური ტიპის ჰესს აშენებს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი. მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა.

კომპანია დაზარალებულებად მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს განიხილავს, ვისაც უშუალოდ შეეხება პროექტი, რაც ექსპერტების მოსაზრებით წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრაქტიკასთან.
დოკუმენტში, რომლითაც თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” და საქართველოს მთავრობა მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია, რომ კომპანიამ, საერთო ჯამში, არანაკლებ 167 მილიონ 860 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მემორანდუმში არ არსებობს მუხლი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც პროექტი უშუალოდ შეეხება ან მის არეალში ცხოვრობს.

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში

13282663_10204459865175221_971251560_o
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შეთახმების შემდეგ, “ბათუმელებმა“ მემორანდუმის ასლი ვერც ერთი მხარისგან ვერ მიიღო.

გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა ფასად გაყიდა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი მიწები. ეს ნაკვეთები წინა ხელისუფლების დროს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ ის ნაკვეთები, რითაც სოფლებში ათწლეულების მანძილზე მოსახლეობა სარგებლობდა, მაგრამ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, სამინისტრომ საკუთრებაში “აჭარ ენერჯი 2007”- ს გადასცა. 2013 წელს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ნაკვეთები ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს სიმბოლურ ფასად – 3 ლარად მიყიდა.

წართმეული ნაკვეთების კომპენსირების ვადებზე მოსახლეობას პასუხი არც ახლა აქვს.

მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, „ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი (მემორანდუმი), რომლის შესწავლითაც დგინდება, რომ მხარეები გარკვეული საკითხების კონფიდენციალობის დაცვაზე შეთანხმდნენ. საკითხის კონფიდენციალურად მისაჩნევად საკმარისია მხარემ განაცხადოს, რომ ობიექტურად დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გასაიდუმლოებით. ეს მუხლი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას გარემოსდაცვითი ხასიათის ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებითაც. საჭიროების შემთხვევაში ამ მემორანდუმით დავების განხილვა უნდა მოხდეს არა საქართველოს საერთო სასამართლოებში, არამედ პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

საქართველოს მთავრობასა და “აჭარ ენერჯი 2007”-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აწერს ხელს.

აქცია ხვალ, 29 მაისსაც გაიმართება.

13288095_10204460001138620_1159142387_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: