სიახლეები

ქედის საკრებულოს ოპოზიცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს

27.05.2016 • 1487
ქედის საკრებულოს ოპოზიცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს

„უნდა მაჩვენონ რამდენი სპორტსმენი ჰყავთ, მაგრამ მე მაინც არ მეშინია,“ – ასე იხუმრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის საკრებულოს წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ სხდომის მსვლელობისას, როდესაც დეპუტატებმა „ქედის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის ანგარიში მოისმინეს.

სასპორტო სკოლის დირექტორის არჩილ გორგილაძის თქმით, სასპორტო სკოლის ბაზაზე ქედაში სექტემბრიდან კარატის სექცია გაიხსნება, სპორტის ამ სახეობის დაუფლება ნებისმიერი ასაკისა და სქესისი ადამიანს შეეძლება.

„ამ დროისთვის 200-მდე მოსწავლე ეუფლება სპორტის სხვადასხვა სახეობას სასპორტო სკოლაში, არსებულ სექციებს წელს ორი ახალი  – მშვილდოსნობა და ფრენბურთის სექცია დაემატა, სექტემბრიდან კარატის სექცია გაიხსნება. 2015 წელს ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებში სულ 117 807 ლარი დაიხარჯა,“ – ამბობს არჩილ გორგილაძე.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა ბოლქვაძემ სახელმწიფო აუდიტის მიერ ქედის გამგეობის 2014-2015 წლების იმ დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ახლა პროკურატურა იძიებს, საკრებულოს წევრმა კოლეგებს ფინანსურ საკითხებზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ 2014-2015 წლებში საჯარო მოხელეების დასანიშნად კონკურსი დრულად არ ჩაატარა, რამაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გამოიწვია.


„მაინტერესებდა რა ხდება ქედის მუნიციპალიტეტში, მოვითხოვე წამოადგინონ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი, თითოეული დეპუტატი ვალდებულია აკონტროლოს ბიუჯეტის ხარჯები. ის შენიშვნები და დარღვევები, რაც კონტროლის პალატის დასკვნაში მოხვდა, მე თავის დროზე ვსაუბრობდი, მაშინ როდესაც საჯარო მოხელე დროებით შემსრულებლად სამი თვით ინიშნება, მერე კონკუსი უნდა ჩატარდეს, ქედის გამგებელმა კი ეს მუხლი დაარღვია და კონკურსი დროულად არ ჩაატარა, ხელფასების გაცემისას თანხის არამიზნობრივი ხარჯვა მოხდა,“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

დღევანდელ სხდომაზე განცხადება პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თემურ ავალიანმაც გააკეთა, მან ელექტროენერგიის გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზგაყვანილობის ანგარიში მოითხოვა.

თემურ ავალიანის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სოფელ დანდალოში დაიწყეს და ხაზი სოფლის ცენტრში გაჰყავთ.

„მოსახლეობის აქტიური პროტესტის გამოდის, რომ „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიქრის“, მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებს, ამიტომაც დავაყენე საკითხი, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდეს კომპეტენტური პიროვნება და გვითხრას, თუ რომელი სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ მაინცადამაინც ეს ხაზები სოფლის შუაგულში უნდა გავიდეს და არა მთებში,“ – ამბობს თემურ ავალიანი.

„ თუ საჭიროდ ჩავთვლით, მოვიწვევთ კომპეტენტურ პირებს და მივღებთ პასუხს იმ კითხვებზე, რაც საკრებულოს წევრებს მაღალი ძაბვის ხაზგაყვანილობასთან დაკავშირებით აინტერესებს. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, როგორც ჩემთვის ცნობილია საქმე პროკურატურაშია გადაცემული,“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ.

ამირანცინ ცინცაძემ დღესვე მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაადასტურა ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემთან“ დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ქედის ბეთლემი კანონიერად დაჯარიმდა, ის ამბობს, რომ თანხმობას არ მისცემს საჯარიმო თანხა, 50 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცეს.

დღევანდელ სხდომაზე ქედაში სასპორტო სკოლის ანგარიშის გარდა დეპუტატებმა გამგეობის განათლების სამსახურის მიერ მიზნობრივ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებსაც უყარეს კენჭი.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: