სიახლეები

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება

27.05.2016 • 2293
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, მგზავრების მიერ ბილეთის საფასურის გადახდაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება კონდუქტორების სისტემის შემოღებით. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა.

მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს. საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრების ბილეთების ქონა-არ ქონის, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა და  მგზავრნაკადის შესწავლა ევალება.  ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, კონდუქტორების სამსახურში აყვანა ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება, რომლის მოქმედების ვადა წლის ბოლომდე განისაზღვრება.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე კობა ჩხეიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ კონდუქტორების სისტემა არაეფექტური იქნება: “კონტროლიორები ისედაც არიან. მილიონზე მეტია დახარჯული ქალაქში დამონტაჟებულ კამერებზე და ნახევარი ქალაქი მოძრაობის საწინააღმდეგოდ დადის. ყველაფერს იწერენ, ყველაფერს გვიღებენ და არავინ აკონტროლებს ამ  დარღვევებს” – განაცხადა მან.

ამ დროისთვის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს” კონდუქტორის 210 ვაკანტური პოზიცია აქვს, რომლისთვისაც კადრების შერჩევა აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.  შესაბამისი კადრები დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან შეირჩევა.

კობა ჩხეიძის თქმით,  კონდუქტორების ხელფასებზე დახარჯული თანხა ზედმეტი ხარჯი იქნება ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის, რაზეც არჩილ ვანაძემ უპასუხა, რომ კონდუქტორების ხელფასები ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის არ გაზრდის ხარჯებს, რადგან კონტროლის გამკაცრების შედეგად ამ ხარჯზე მეტ თანახას ამოიღებენ.

არჩილ ვანაძემ, თავისი მოხსენებისას ასევე აღნიშნა, რომ  ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის სრულიად ახალი სისტემების დამონტაჟებაც  იგეგმება – “რაც გაამარტივებს და კომფორტულს გახდის მოსახლეობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდის პროცედურას”.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: