მთავარი,სიახლეები

იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

27.05.2016 • 3008
იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

„გასული წლის მარტის ერთ საღამოს მოხდა ეს ამბავი“, – გვიყვება იაგო ც. ის ჭიდაობის მწვრთნელია. მისი ოჯახი დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მძიმე სოციალურ პირობებში. ბრალდებული საღამოობით ტაქსაობდა:

„იმ დღეს ერთ-ერთ მუდმივ კლიენტს დავურეკე და თანხის დაბრუნება მოვთხოვე. 65 ლარი მქონდა ასაღები. ვიღაც კაცმა გადმომირეკა, მე დაგიბრუნებ ამ ქალის ვალს, აღმაშენებელზე შემხვდიო. მივედი, ჩამიჯდა მანქანაში და მთხოვა, „ხოფის“ ბაზრობაზე შესასვლელშივე უნდა იყოს ჩემი მოვალე, ახალგაზრდა ბიჭი თუ დგას, აბა ნახე, შესაძლოა, მამამისი იყოს და არ მინდა, იმას შევხვდეო. ვნახე, მოხუცი კაცი იდგა და გამოვბრუნდი. მაშინ რურუას ქუჩაზე წავიდეთ და იქედან წამოვიღებ ფულსო. რურუაზე ერთ კორპუსში შევიდა და რამდენიმე წუთში ჩემთან სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები გამოჩნდნენ. მანქანის ჩხრეკაზე უარი არ მითქვას. ჩემი სავარძელი როცა გადმოწიეს, ნაჭერი გამოჩნდა. ნაჭერში პისტოლეტი იყო გახვეული, ვაზნები ცალკე ეწყო.“

ბრალდებულის მტკიცებით, მისი მანქანა გაჩხრიკეს და დაკავების ოქმი შეადგინეს: ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების მაშინდელმა უფროსმა გენადი მახარაძემ (ის ამჟამად ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. ავტ.) და მისმა მოადგილე ვაჟა დევაძემ. „კიდევ ორი თანამშრომელი იყო, მაგრამ სასამართლოში ჩვენება მათ ნაცვლად სხვა პოლიციელებმა – რუსლან გრიგოლიანმა და ირაკლი წივწივაძემ მისცეს. მხოლოდ ვაჟა დევაძე ვნახე სასამართლოში. ასე თქვა: ამბავი გავიგე და ჯგუფი გავგზავნეო, სინამდვილეში თვითონ იყო მოსული, მაგან დამაკავა“.
ბრალდებული დაკავებიდან რამდენიმე დღეში 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იაგო ც.-მ სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა დნმ-ს შესამოწმებლად: „მართალი რომ არ ვყოფილიყავი, 2550 ლარს არ გადავიხდიდი. ვერაფერი გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს, რა უნდოდათ, ვის რა დავუშავე“.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე, ასევე ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, არ აღმოჩნდა ბრალდებულის თითის ანაბეჭდები. მორიგი ექსპერტიზა თავად გამოძიებამ დანიშნა. „ჩვენ მოვითხოვეთ შემოწმებულიყო ეკუთვნოდა თუ არა თითის ანაბეჭდი იმ პირს, ვისზეც ეჭვი გვქონდა, ანუ ვინც ბრალდებულის მანქანაში ჩაჯდა იმ საღამოს“, – ამბობს პაატა ბოლქვაძე, რომელიც ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატია: „ამ დროისთვის ამ პირს, გივა ა.-ს უკვე ჰქონდა მიცემული ჩვენება პოლიციისთვის. მან თქვა, რომ არავითარი საერთო ბრალდებულთან არ ჰქონდა და, უბრალოდ, ტაქსით ისარგებლა. მოგვიანებით, როცა ექსპერტიზამ დაადგინა ამ პირის თითის ანაბეჭდი ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, მან სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ ის პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ანუ კონფიდენტია და ინფორმაცია პოლიციას იარაღის შესახებ თვითონ მიაწოდა. რადგან გამოსავალი აღარ დარჩა, კონფიდენტმა თქვა, რომ ის შემთხვევით ჩაჯდა ბრალდებულის ავტომანქანაში და იაგო ც.-ს ჰკითხა, არაა საშიში ტაქსაობაო? ამის პასუხად, ტაქსის მძღოლმა იარაღი მაჩვენაო, ეს მაქვს და არ მეშინიაო. კონფიდენტი ირწმუნება, რომ იარაღს სწორედ ამ დროს შეეხო ხელით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებული იაგო ც. ამტკიცებს, რომ გივი ა-სთან მას მანამდე არავითარი ნაცნობობა არ აკავშირებდა და არც სამართალდამცავებთან ჰქონია პრობლემები.

საქმის მასალების მიხედვით კი, კონფიდენტი გივი ა. წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის. მან სასამართლოს უთხრა, რომ სიმართლე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იმიტომ ვერ თქვა, რომ საიდუმლო თანამშრომელია და არ ჰქონდა იმის თქმის უფლება, რომ ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავის შესახებ სწორედ მან მიაწოდა პოლიციას.

საქმის მონიტორინგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე დაიწყო. აქ ამბობენ, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართიანობა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან კანონის გადაცდომაზე საუბრობენ [იარაღის, ნარკოტიკის ჩადება], რაც სერიოზულ რისკს შეიცავს. „იკვეთება მთელი რიგი საეჭვო გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმ პოლიციელთა საქმიანობას, რომლებიც მონაწილეობდნენ ი.ც-ს დაკავებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იარაღზე და იმ ნაჭერზე, რომელშიც გახვეული იყო იარაღი, არ აღმოჩნდა ი.ც-ს დნმ-ის კვალი. მაგრამ აღმოჩენილი დნმ-ს კვალი ეკუთვნის საქმის მთავარ მოწმეს, რომელიც ბრალდებულის განცხადებით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი). ამიტომ, აღნიშნული გარემოება აძლიერებს მოსაზრებას დანაშაულის იარაღის ხელოვნურად „ჩადებაზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
გაშიფრული კონფიდენტის ჩვენება მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა მოისმინა. ის იანვრიდან ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. საქმე მოსამართლე ირაკლი შავაძემ გადაიბარა. ბრალდებულმა კი გვითხრა ისიც, რომ ექპსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მას საქმის პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი პირადად შეხვდა და განრიდება შესთავაზა. „ვიცი, რომ ასეთი შეთავაზება ჯერ არავისთვის გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც უარი ვთქვი, რადგან არ მინდა ის ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია“, – ამბობს იაგო ც.

ბრალდებულ იაგო ც-ს დაკავებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. გივი ა-მ თავისი კონფიდენტობის შესახებ სასამართლოში 2015 წლის ნოემბერში განაცხადა. მას შემდეგ, დღემდე, ამ საქმეზე სასამართლო პროცესი არც ერთხელ არ გამართულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციაში მუშაობას კვლავაც აგრძელებენ ის პირები [გარდა ერთისა], რომლებიც, ბრალდებულის ინფორმაციით, მის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: