მთავარი,სიახლეები

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

26.05.2016 • 1769
„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება.

13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი წელს პირველად მოინიშნა „ანსაუნდის“ რუკაზე.

ფესტივალს ბათუმში 27 მაისს გახსნის მსოფლიო პრემიერა – AGF-ის [გერმანია] და ნატალია ბერიძის [aka TBA] [საქართველო] პირველი ლაივ კოლაბორაცია. AGF – იგივე Antye Greie ვოკალისტი, კომპოზიტორი და ხმოვანი ინსტალაციების ავტორია.

ნატალია [ტუსია] ბერიძეს, ქართველ მუსიკოსს, ფსევდონიმით – TBA – კარგად იცნობენ საქართველოში და არა მხოლოდ. მისი სახელი ელექტრონულ მუსიკას უკვე წლებია უკავშირდება.


„მსგავსი კოლაბორაცია ადგილობრივ და უცხოელ მუსიკოსებს შორის არის სწორედ ფესტივალის მიზანი,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, „ანსაუნდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში. „ტუსია ბერიძესა და AGF-ას შორის კოლაბორაცია საგანგებოდ „ანსაუნდისთვის“ კეთდება და ეს იქნება პირველად ბათუმში.

ფესტივალი გაგრძელდება სამ დღეს, ძირითადად, ეს არის ორდღიანი პროგრამა და მესამე დღეს წარმოდგენილი იქნება მცირე, დღის პროგრამა. დავიწყებთ საღამოს 9 საათზე. შემსრულებლების ნაწილი ქართველია და მათ შორის ბათუმში კარგად ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან რეზო ღლონტი და ირაკლი შონია.“

მთლიანობაში ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება:

პარასკევი, 27 მაისი

AUX FIELD Live (aka rezo glonti) [საქართველო]
AGF AND TBA Live [გერმანია/საქართველო]
NINA DJ [გერმანია]
MESH Live [გერმანია/დიდი ბრიტანეთი]
JORJICK Live [საქართველო]

შაბათი, 28 მაისი

NIKA J Live [საქართველო]
SEVERIANE Live [aka vincent volt] [საქართელო]
MESH DJ [გერმანია/დიდი ბრიტანეთი]
LOTIC DJ [გერმანია/აშშ]
OLIVIA DJ [პოლონეთი]
CHINO Live [პოლონეთი]

„ანსაუნდზე“ შესვლის ფასი 10 ლარია. ბილეთის ყიდვა ვებგვერდზე და ასევე, ფესტივალზე შესვლის წინ, ადგილზე შეიძლება. ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ ფესტივალის დროს იმუშავებს ბარიც და ეს იქნება ფესტივალი, რომლის უპირატესობაც საინტერესო, მრავალფეროვანი გარემო და კარგი მუსიკაა ცოცხალი შესრულებით:

„ანსაუნდზე“ შემსრულებლები უკრავენ ცოცხლად იმ მუსიკას, რაზეც ამ ბოლო დროს მუშაობენ. ეს არის მათი შემოქმედების სიახლეები. საინტერესოა იმაზე დაკვირვება, სად ვართ ახლა, რა ხდება მუსიკაში ჩვენთან და სად არიან ევროპის ცნობილი და კარგი შემსრულებლები, რა მუსიკას გვთავაზობენ. პარალელურად შეგიძლია გაერთო კარგ ხალხთან, თან ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმი ჩაერთო ამ ფესტივალში,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

როგორ უნდა მოხვდეთ ფესტივალზე. რუკაზე მონიშნულია შენობა, სადაც ფესტივალი იმართება.

როგორ უნდა მოხვდეთ ფესტივალზე. რუკაზე მონიშნულია შენობა, სადაც ფესტივალი იმართება.

ფესტივალი ბათუმში თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„ანსაუნდი“ წელს ბათუმის შემდეგ ჯერ ტორონტოში ჩატარდება, 10 ივნისს ნიუ იორკში გადაინაცვლებს, 16-დან 24 ოქტომბრამდე კი „ანსაუნდი“ ფესტივალის მშობლიურ ქალაქში, კრაკოვში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: