მთავარი,სიახლეები

სკოლის მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა

25.05.2016 • 1399
სკოლის მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. „პარკინგზე დაყენების დროს მანქანა ოდნავ დაეჯახა ბავშვს, მეორემ კი ინერვიულა და შიშისგან დაეცა დაშავებულს. სამივე ბავშვი მაშინვე ავტომანქანის მძღოლმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ გაეწიათ სამედიცინო მომსახურება და კარგად არიან. მხოლოდ ნაკაწრი აქვს ერთ გოგონას,” – უთხრა “ბათუმელებს” მედეა გვენეტაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა.

მედეა გვენეტაძემ არ დაადასტურა “ბათუმელების” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებმა თვითნებურად მიატოვეს სასწავლო პროცესი: “ასე არ ყოფილა, ერთ-ერთის მშობელმა დარეკა და ითხოვა ბავშვის გათავისუფლება. კლასის დამრიგებელიც იქვე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევა მოხდა. სამივე გოგონა მე-7 კლასის მოსწავლეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: