მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული

19.05.2016 • 5461
მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული

მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან და პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კითხვით ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემას წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც დასახლებას [იმ ადგილს, სადაც N31 სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა] პლაჟისგან ჰყოფს. რკინიგზაზე შლაგბაუმი არ არის, ავტომანქანებისთვის დროებითი გადასასვლელის მოწყობაზე კი „საქართველოს რკინიგზამ” უარი განაცხადა.

„რკინიგზას რომ ნებართვა მიეცა კომპანიისთვის, ახლა სანაპირო ზოლში მეტი სამუშაო იქნებოდა შესრულებული. უნდა გაკეთდეს სკვერი, გამაგრდეს ნაპირი, კეთილმოეწყოს ზღვაში შეჭრილი ხიდი, რომლისთვისაც რკინის მოაჯირები მუშებმა ხელით გადმოზიდეს რკინიგზაზე. ახლა ამ ხიდზე ბეტონი უნდა დაიგოს, მანქანებს კი არ უშვებენ. ჩაბნელებული და უპატრონო იყო აქაურობა, პლაჟზე ღამით ტურები დარბიან, განათებაც ახლა მონტაჟდება, სეზონი იწყება და იმედია გალამაზდება ეს ადგილი,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ.

მწვანე კონცხის დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2015″ ახორციელებს. კომპანიამ სამუშაოები, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა დაასრულოს. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში კი კომპანიას ვადის კიდევ ერთი თვით [ანუ სექტემბრამდე] გაგრძელების მოთხოვნის უფლებაც აქვს.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხი

„ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სამუშაოები მიმდინარეობს და დროულად დავასრულებთ. რკინიგზას რაც შეეხება, ჩვენ მივწერეთ ბათუმის მერიას და „საქართველოს რკინიგზასთან~ ის აგვარებს საქმეს. დროებითი გადასასვლელის პროექტიც მზადაა და შეთანხმების ეტაპზეა. ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ლიანდაგზე ხელით გადატანას, ამას ვერ დავუშვებ, საფრთხეში ვერავის ჩავაგდებ. მაქ დიდი საფრთხეა და რკინიგზაც სიფრთხილით ეკიდება ეტყობა ამ საკითხს. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა შეთანხმდეს,” – განაცხადა „ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში „მონოლითი 2005“-ის დირექტორმა მერაბ დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ციხისძირში რკინიგზაზე, იმ ადგილზე, საიდანაც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში ტიტას ხე გადაიტანა, დროებითი გადასასვლელი მოწყობილია [აქედან კიდევ ორი ხეა გადასატანი].

მწვანე კონცხის ერთ-ერთი მცხოვრები იმასაც ამბობს, რომ „რკინიგზის თუ სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც აქ იყო, თქვა – ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ქვეითად მოსიარულეთათვის არსებული გადასასვლელის დატოვებაც არ შეიძლება”. ამ გადასასვლელით კი სარგებლობს როგორც ბოტანიკურ ბაღში შემსვლელი, ასევე მწვანე კონცხის პლაჟზე გადამსვლელებიც.

„ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში” უთხრეს, რომ მათთან შესულია ბათუმის მერიის წერილი, მიმდინარეობს განხილვა და რამდენიმე დღეში, დიდი ალბათობით, დადებითად გადაწყდება: „უცებ არ წყდება ასეთი საკითხები, მანდ უნდა მოეწყოს დროებითი გადასასვლელი, მოძრაობაც უნდა დარეგულირდეს, შესაძლოა დროებით ჩვენი წარმომადგენელიც მივამაგროთ მაგ ადგილს”.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, რკინიგზაში აცხადებენ, რომ რაიმეს შეცვლას მწვანე კონცხთან მიმართებაში არ აპირებენ – „ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის“.

ბათუმის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობაში თითქმის მილიონი – 997 ათას 676 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ ტერიტორიამდე მისასვლელ გზას კი სხვა კომპანია არემონტებს.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: