განცხადებები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“

19.05.2016 • 2330
ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“

პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ დამფუძნებელმა, კიევის ყოფილმა მერმა, ქობულეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ჩერნოვეცკიმ, რომლის პარტიაც 2016 წლის არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა. რატომ გაქრა „ბედნიერი საქართველოსთვის~ ქართული პოლიტიკური სივრციდან? მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩერნოვეცკის გუნდის მომავალ წევრად მოიაზრებოდა, ამბობს, რომ ჩერნოვეცკიმ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

აჭარის ტელევიზიასთან თქვენ აღნიშნეთ, რომ მოხდა გარკვეული გარიგება ივანიშვილსა და ჩერნოვეცკის შორის. რა გარიგებაზე საუბრობთ კონკრეტულად?

შედეგით უნდა ვილაპარაკოთ გარიგებაზე. შედგა შეხვედრა ლეონიდ ჩერნოვეცკისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რის შემდეგაც მან პოლიტიკური აქტიურობა შეაჩერა, რაც მივიდა ფინალამდე, ანუ მან უარი თქვა პოლიტიკაზე.

კონკრეტულად რა გარიგება უნდა ყოფილიყო?

არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლეონიდ ჩერნოვეცკის შევხვდი. მან მითხრა, რომ აქტიურობას შეაჩერებდა და მისი არეალი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქობულეთით, მაგრამ ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება საბოლოოდ შეეშვას პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში.

მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩერნოვეცკის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ვერსიას მოვისმენთ?

მე ვიცი მხოლოდ ის, რომ განზრახვა იყო პოლიტიკის კეთებისა, პოლიტიკური პარტიის შექმნის, ჩემთან ურთიერთობის, მაჟორიტარული სისტემით რეგიონებში გასვლის, აჭარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების და საქართველოს პარლამენტში საკმაო რაოდენობით შესვლის. რა განცხადებას გააკეთებს, ამაზე ლაპარაკი ძნელია, უნდა დაველოდოთ და მისგან მივიღოთ ინფორმაცია.

თქვენი აზრით, მოახლოებული არჩევნების წინ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დანაპირები აღმოჩნდა ტყუილი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე უთხრა, რომ ის ისეთ დემოკრატიას დატოვებდა საქართველოში, რომ ევროპასაც კი გააკვირვებდა.

რა დაკარგა ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ გაქრობით?

ვფიქრობ, რომ მინიმუმ ქობულეთის ამომრჩეველმა დაკარგა ერთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც შეეძლო უამრავი სოციალური პროგრამა განეხორციელებინა, როგორც პოლიტიკოსს, როგორც სტატუსის მქონე ადამიანს, რომელმაც მოინდომა პოლიტიკაში შემოსვლა. დემოკრატია ჩვენთან არის იმ დონეზე, რა დონეზეც ესმის ბიძინა ივანიშვილს დემოკრატია და კონკურენცია. რა დონეზეც არის ჩვენი ქვეყანა, იმ დონის დემოკრატიაა ქვეყანაში.

ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კონკურენტი დაინახა ლეონიდ ჩერნოვეცკის სახით?

მე კი არ ვფიქრობ, მე ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ლეონიდ ჩერნოვეცკის შეხვედრის შემდეგ შედგა შეხვედრა, რითაც ლეონიდ ჩერნოვეცკის აეკრძალა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა და განსაკუთრებით, საქმიანობა პირადად ჩემთან.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თქვა, რომ ურთიერთობა ჰქონდა თქვენთან, თუმცა ეს არ იყო სერიოზული ურთიერთობა შემდგომი თანამშრომლობისთვის. თქვენთვის მოულოდნელი იყო მისი ეს განცხადება?

ჩემთვის მოულოდნელი იყო ლეონიდ ჩერნოვეცკის შემოთავაზება, რომ მასთან ვყოფილიყავი პოლიტიკურ პარტიაში და გამეწია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური უზრუნველყოფა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ პარლამენტში გარკვეული რაოდენობის ხალხი შეგვეყვანა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მისი ლაპარაკი ჩემთვის, ბუნებრივია, არ არის მოულოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: