მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს

18.05.2016 • 1478
უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს

19 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას ლარს შეადგენს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 93 ათასით მეტი იყო და ის დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებდა – 3400 ლარით.

პირვანდელი ვერსია, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უკვე დააკორექტირა. დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდა აღარ იგეგმება, გარდა ამისა, დაფინანსება მოაკლდათ ფრაქციებს. ამასთან ერთად, თუკი აქამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 6 ფრაქციის დაფინანსებას ითვალისწინებდა, ამჯერად დაფინანსება 5 ფრაქციაზეა გათვლილი. ამჟამად უმაღლეს საბჭოში მაქსიმალური ოდენობის – 7 ფრაქცია მუშაობს.

„ოპოზიციის კრიტიკის შედეგად შეიცვალა პროექტი. ჩვენ ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერას ისევ არ ვაპირებთ, თუკი მას არ მოაკლდება ფრაქციების ავტომანქანების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ხარჯები, ეს დაახლოებით 20 ათასს ლარს შეადგენს” – უთხრა „ბათუმელებს“ პეტრე ზამბახიძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ . მისი შეფასებით, ბიუჯეტი არასწორად არის შედგენილი და მორგებულია ერთპიროვნული მმართველობისთვის.

დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა დაკავშირება ანზორ თხილაიშვილთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან. ამავე კომისიის აპარატის ხელმძღვანელის, როლანდ გათენაძის განმარტებით, გამორიცხული არაა, ბიუჯეტის პროექტში ისევ შევიდეს ცვლილებები, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე გავა.

2016 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 4 მილიონ 957 ათასს ლარს შეადგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: