მთავარი,სიახლეები

დეპუტატ დავით ბაციკაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი

17.05.2016 • 1557
დეპუტატ დავით ბაციკაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი

უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატმა მას არ მიაწოდა ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ის შეძლებდა დაედასტურებინა, რომ დეპუტატ დავით ბაციკაძესა და უსკოს წევრობის კანდიდატ მამუკა ჯაშს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ნამდვილად ჰქონდა ადგილი [მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილია]. „მიპასუხეს, რომ უნდა მივმართო დაცვის სამსახურს. მე გავამზადე წერილი დაცვის სამსახურის სახელზე და ახლა მათგან ველოდები პასუხს“, – ამბობს მედეა ვასაძე.

გუშინ ინციდენტის შემდეგ ინფორმაცია მხოლოდ მედეა ვასაძემ დაადასტურა, მომხდარის შესახებ მამუკა ჯაშმაც უარყო და დავით ბაციკაძემაც. თუმცა, დავით ბაციკაძე არ უარყოფს ინფორმაციას, რომ გუშინ დაწერა განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარიდან“ გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე დღეს დილითვე ის უკან გაიტანა. ამ ფრაქციას ირაკლი ჯაში ხელმძღვანელობს და ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ირაკლი ჯაში რიგით წევრად დარჩებოდა უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დაკარგავდა თანამდებობის პირის პრივილეგიებს, რაც მაღალ ხელფასს, ავტომობილის მომსახურებას და სხვა სიკეთეებს გულისხმობს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ჯაშმა არც უარყო და არც დაადასტურა. „მე ბათუმელი კაცი ვარ, რომც მომხდარიყო არ გეტყოდით“, – ამბობს ირაკლი ჯაში.

დღესვე გახდა ცნობილი ისიც, რომ კანდიდატურა მოხსნა უსკოს წევრად წარდგენილმა ირაკლი გვარამიამ. ის დავით ბაციკაძის პარტიის – „კონსერვატორების“ წევრია და მისი მხარდაჭერით სარგებლობდა. მისივე განმარტებით, წინასწარი კონსულტაციებით გაირკვა, რომ გვარამია ვერ შეძლებდა 11 ხმის მოგროვებას [ასარჩევად ამდენი ხმაა საჭირო], რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობამ აზრი დაკარგა.

გვარამიას გადაწყვეტილების შემდეგ უსკოს წევრის კონკურსის ლეგიტიმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეჭვქვეშ ისევ დააყენა.

რაც შეეხება დავით ბაციკაძის გადაწყვეტილებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, ის განმარტავს, რომ აპირებდა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფლებაში“ გადასვლას მერაბ აბაშიძის ნაცვლად, ხოლო მერაბ აბაშიძე მის ადგილს დაიკავებდა. „მაგრამ ახლა მერაბ აბაშიძე გაბრაზდა და უარზეა“,- განმარტა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: