სიახლეები

მთავრობას ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია

17.05.2016 • 1687
მთავრობას ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია

კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს, ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე არჩილ ხაბაძემ განცხადება 12 აპრილს გააკეთა. ხელშეკრულება ამ დრომდე ძალაში რჩება.

„ვთქვი, რომ ჩვენი მოქმედება იქნებოდა აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში. გვქონდა ორი ვარიანტი. ერთი, ეს იყო მორიგების გზით ხელშეკრულების გაწყვეტა, მეორე იყო ის, რომ მიგვეყვანა ბოლომდე ხელშეკრულება და შემადეგ დაგვეწყო შემოწმება – ინვენტარიზაცია. საინიციატივო ჯგუფმა აირჩია პირველი და უნდა გაწყვეტილიყო ხელშეკრულება, მაგრამ კომპანია ამაზე არ მოდის. სამართლებრივ ჩარჩოებში მოხვედრა გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ შევედავებით, ისინი გვიჩივლებენ სასამართლოში და ჩვენ ვიდავებთ. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, სასამართლო მიიღებს იმ თანხებთან დაკავშირებითაც, რომლებიც დარჩენილი გვაქვს. გავყვებით ამ პროცესებს ბოლომდე.“- განმარტა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“.

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“, 2016 წლის 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებდა მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერსახის დამახინჯებას გამოიწვევდა.

არჩილ ხაბაძემ განმარტება “დრიმ ოაზისთან” ხელშეკრულების შეწყვეტაზე სწორედ საინიციატივო ჯგუფ – „დაიცავი ძველი ბულვარის“ მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.

„გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების გზებზე. იყო საუბარი, თუ რამდენად შეიძლებოდა სამართლებრივ ფარგლებში ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო ან შეწყვეტილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამართლებრივ ჩარჩოებში შესაძლებელია ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ პროცედურებისა და მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება მოთხოვნას ბულვარის კონსერვაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბულვარის კონსერვაცია ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ამაზე მუშაობის დაწყება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანია დავითანხმეთ ხელშეკრულების ორმხრივ შეწყვეტაზე. თუმცა ჩვენ ავანაზღაურებთ იმ სამუშაო ღირებულებას, რაც უკვე შეასრულა „დრიმ ოაზისმა“. სიტყვიერად შევთანხმდით, თუმცა უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით“- განაცხადა მაშინ არჩილ ხაბაძემ.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია კი იყო შპს „საქტურკურორტი“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი იურიდიული სახელით  – შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: