მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“

16.05.2016 • 1520
ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“

„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა.

გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები „ჟილინის არხზე“ ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა). მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ გულგრილობას და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან. დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. თანხის მიღების შემდეგ, კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩააბარა. ამ მაღალჩინოსნებს თანხის გადასარიცხად ხელი ირაკლი ჩავლეიშვილმა მოუწერა, მაშინ ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ირაკლი ჩავლეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მედიისგან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. „მერისგან ამ თემაზე ინფორმაცია არ მიმიღია. უშუალოდ, რა მოხდა, ვერ გავიგე“

„რა მოიმოქმედა მერიამ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად?“ – პროკურორ დავით ჭარბაძის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ მერიამ იმოქმედა კანონიერების ფარგლებში და გაწყვიტა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება.

საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შეკითხვა არჩილ ვანაძემაც დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საბანკო გარანტიის პირობების შემოწმება იყო საფინანსო სამსახურის საქმე. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, რომ ეს ჩვენი საქმე იყო? ასევე გვითხარით, ვინ ადგენდა კომპანიისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობას?“.  ბრალდებულის შეკითხვებზე საპასუხოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ დარწმუნებული არ არის და ამიტომაც ივარაუდა, რომ ფინანსურ დოკუმენტებს საფინანსო სამსახური მოამზადებდა. მისივე თქმით, არჩილ ვანაძე გამორჩეული საჯარო მოხელეა, ვის მიმართაც ნდობის მაღალი ხარისხი აქვს.

სასამართლოს ირაკლი ჩავლეიშვილმა ასევე დაუდასტურა, რომ შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლს ახორციელებდა არა უშუალოდ მერიის რომელიმე სამსახური, არამედ კონკრეტული კომპანია: „ასეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორც წესი, მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ამოწმებს მიმდინარე სამუშაოებს“ .

სამუშაოებს „ჟილინის არხზე“ შპს „გზამშენპროექტი“ ამოწმებდა. მისმა დირექტორმა, ნუგზარ ნირიმანოვმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს წინა სხდომაზე და აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ ხარისხს.  „ბოლო შესრულებიდან 10 დღის შერმდეგ, თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო, მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს? – მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მაშინ მოწმემ უპასუხა, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებია შესრულებული საქმე, ვიდრე მომდევნო ეტაპის თანხას გადარიცხავდა.

ამ საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ კი, დღესვე ამავე მაღალჩინოსნების სამოქალაქო დავა შეწყვიტა. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი იმ წერილის უკანონოდ მიჩნევას მოითხოვდნენ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდა. ფინანსური პოლიციის პასუხად მიწერილ წერილში ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა. მერიის იურისტის მტკიცებით, ეს დავა ცალკე არ უნდა განიხილებოდეს და ის სისხლის სამართლის საქმის ნაწილია. მოსამართლემ მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოს მორიგ სხდომებზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს გაეცნობა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: