მთავარი,სიახლეები

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „აქთივ ბათუმისთვის“ სკვერის დაბრუნებაზე

16.05.2016 • 2384
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „აქთივ ბათუმისთვის“ სკვერის დაბრუნებაზე

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ  დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. კომპანიას მიაჩნია, რომ სამინისტრის მხრიდან მათთვის ქონების ჩამორთმევა „იყო განზრახვა“.

გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრძანება გამოსცა 2015 წლის 23 იანვარს, რომლითაც გაუქმდა „აქთივ ბათუმსა“ და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება შესრულებული. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის ბრძანებითაც გაუქმდა ჩვენი მინისტრის ბრძანება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

ამ გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები იყო ის, რომ მხარე აცხადებდა ინტერესს დამატებითი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების გაუქმებისა და ახალი საინვესტიციო წინადადების განხილვის შესახებ. კომპანიას დღეს სამინისტროში შემოტანილი აქვს წინადადება, მიმდინარეობს მისი განხილვა, როგორც კი შევჯერდებით დეტალებსა და პირობებზე ახალი წინადადება წარედგინება აჭარის მთავრობას.

ამ ბრძანებით [მთავრობის თავმჯდომარის] ბათილად იქნა ცნობილი ის, რითაც გაუქმდა საკუთრების უფლება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამ ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს „აქთივ ბათუმი“. მაგრამ იმის გამო, რომ კომპანიას დარღვეული აქვს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, სამინისტროს რჩება უფლება გააუქმოს ნასყიდობის ხელშეკრულება თუ არ იქნება წარმოდგენილი ის საინვესტიციო წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის – უნდა შედგეს მხარეთა შორის შეთანხმების აქტი ახალ პირობებზე.

ინვესტორი თავდაპირველად სახელმწიფოს სთავაზობდა იმავე მიწის ნაკვეთზე [სკვერი ბარბარეს ეკლესიასთან], დამატებითი ვადების პირობებში, 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. თუმცა, შემდგომში, იმის გათვალისწინებით, რომ არის სკვერი – მათგანაც წამოვიდა შემხვედრი წინადადება სხვა ადგილის მონაცვლეობაზე.

ჯერჯერობით ადგილის შერჩევის პროცესია, თუკი შევთანხმდებით, ალბათ, დაიწყება დეტალებზე საუბარი.

მათი [აქთივ ბათუმის] სურვილი იყო, რომ ჭაჭა თაუერთან გამოყოფოდათ მიწის  ნაკვეთი, თუმცა იქ მიმდინარეობს სხვა სახის დაგეგმარებითი სამუშაოები და ეს ამ ეტაპზე არ განიხილება. სხვა წინადადებები უნდა წარმოადგინოს კომპანიამ – რა პირობებში და რა ვადებში შეძლებს ვალდებულების შესრულებას.

ადმინისტრაციულ წარმოება ამ საქმის იმიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს  [ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 5 ნოემბერს და დასრულდა 2015 წლის 23 იანვრას], რომ მხარემ ადმინისტრაციული წარმეობის პროცესში არაერთხელ მომართა სამინისტროს დამატებითი განცხადებებით საინვესტიციო პირობების შეცვლაზე [ვალდებულების შესასრულებლად ითხოვდნენ კიდევ 4 წელს], ახალი საინვესტიციო ვალდებულებების აღებაზე, არსებული საინივისტეციო ვადების გადაწევაზე და იხილებოდა ეს ვადები, რაზედაც ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

არჩილ ხაბაძის ჩარევამდე რატომ არ მიიღო მსგავსი გადაწყევტილება სამინისტრომ? – აქ ორი პრობლემა იყო, 1 ინვესტიცის მნიშვნელობა რეგიონისთვის და მეორე ამ ტერიტორიის ადგილმდებარეობა. შესაბამისად, ამ ორ გადაწყვეტილებას შორის უნდა ყოფილიყო შუალედი მოძებნილი. იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია მდებარეობს ბარბარეს ეკლესიის გვერდით, ვცდილობდით ახალი ტერიტორია შემოეთავაზებინა ინვესტორს, სადაც უზრუნველყოფდა ამ ვალდებულების შესრულებას. დღემდე ამ პროცესში ვართ.

კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დაესრულებინა პროექტის ნებართვის მოპოვების პროცედურა. ეს ვადა გავიდა 2012 წლის ბოლოს. 2012 წლიდან 2015 წლამდე  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააუქმებია ხელშეკრულება. სწორედ ეს პერიოდი ჩათვალა სამინისტრომ, რომ კომპანიას ჰქონდა დამატებითი ვადა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 5 წელი გავიდა და კომპანიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული მშენებლობის  ნებართვა, ეს აჩენდა სამინისტროს მხრიდან საფუძვლიან ვარაუდს, რომ ვერ უზრუველყოფდა კომპანია ამ ვალდებულების შესრულებას. ამიტომაც მიიღეს ხეშეკრულების გაუქმებაზე გადაწყვეტილება.

ახლა ინვესტორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე რეგისტრირებული რამდენიმე ქონებიდან უნდა შეარჩიოს ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება ინვესტიცის განხორციელება, რასაც წარმოადგენს ჩვენთან და ამას განვიხილავთ, ანუ ის რასაც წარმოადგენს უპირობოდ არ იქნება მიღებული. ასეა, სკვერი ბარბარეს გვერდით ეკუთვნის „აქთივ ბათუმს“, თუმცა არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ თუკი არ იქნება წარმოდგენილი მის მიერ ახალი საინვესტიციო წინადადება, გაუქმდება  საკუთრების უფლება ამ ტერიტორიაზე. ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუკი წარმოგვიდგენს ახალ საინვესტიციო წინადადებას, ხელშეკრულებაში შევა ცვლილება და ახალ ტერიტორიაზე განხორციელდება ინვსტიცია, ხოლო ბარბარეს ეკლესიის გვერდზე სკვერი საკუთრებაში დაუბრუნდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. თუ საინვესტიციო წინადადება ისევ ბარბარეს ეკლესიის გვერდით სკვერზე იქნება წარმოდგენილი, ეს წინადადება აღარ იქნება განხილული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: