მთავარი,სიახლეები

სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

16.05.2016 • 2518
სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. „აქთივ ბათუმს“ სარეკრეაციო ზონაში 2 მილიონ დოლარად შეფასებული სკვერი, ზღვისპირა ზოლში, 500 000 დოლარად ლევან ვარშალომიძემ მიყიდა და 40-სართულიანი სასტუმროს აშენება დაავალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „აქთივ ბათუმი“ რუსთაველის ქუჩის სკვერის ნაცვლად ამ ხელისუფლებას მიწის ნაკვეთს სთხოვს „ჭაჭის კოშკთან“, რომელიც ასევე სარეკრეაციო ზონაა.

ქონების დაბრუნების საჯარო მიზეზები

DSCN99322012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ არჩევნებიდან მალევე დააანონსა, რომ „აქთივ ბათუმი“ ბულვართან, სარეკრეაციო ზონაში 40-სართულიან სასტუმროს არ ააშენებდა. შესაბამისად, 7007 კვადრატული მეტრი სკვერის უკან დაბრუნებაზე ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის 5 ნოემბერს დაიწყო, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით. წარმოება 26 თვეს გაგრძელდა [კანონი ადმინისტრაციული წარმოებისთვის ერთთვიან ვადას ითვალისწინებს]: სამინისტროსა და „აქთივ ბათუმს“ შორის „ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის“, „საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების“ შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 2015 წლის 23 იანვარს გამოსცა ბრძანება.

კომპანია „აქთივ ბათუმის“ იურისტმა, დათო ჯაიანმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის აღნიშნული ბრძანება აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. საჩივარში იურისტი მიუთითებს იმ შეცდომებზე, რაც 26-თვიანი წარმოების პროცესში დაუშვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და რაც, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გახდა ქონების უკან დაბრუნების საფუძველი.

დათო ჯაიანის აზრით, ხელისუფლებას ამოძრავებდა „წინასწარი განზრახვა“, წაერთმია ქონება კომპანიისთვის. თუმცა, დათო ჯაიანი არც ერთ კონკრეტულ პირს არ ასახელებს.

საქმე იმაშია, რომ „აქთივ ბათუმი“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში მოემზადებინა სასტუმროს პროექტი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. დათო ჯაიანის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ „კომპანიის ხელმძღვანელებს სურდათ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებამდე შენობის არქიტექტურული იერ-სახე შეეთანხმებინათ აჭარის რეგიონის მთავრობისთვის“.

დათო ჯაიანის შეფასებით, მთავრობას ხელი რომ არ შეეშალა „წარდგენილ საპროექტო ესკიზებთან დაკავშირებით“, კომპანია დათქმულ ვადაში შეძლებდა პროექტის შემუშავებას: „ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მიერ არ იქნა გადადგმული ქმედითი ნაბიჯები… ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი და გათვლილი იყო იმისკენ, რომ ჩვენ მიერ არ მომხდარიყო დროულად ნაკისრი ვალდებულების შესრულება“.

დათო ჯაიანი თავის საჩივარში მთავრობის წევრებისგან სხვა „ხელშეშლაზეც“ წერს. მაგალითად, იმაზე, რომ ტყუილია, თითქოსდა ზეპირსიტყვიერად მისცა სამინისტრომ კომპანიას „დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად“ [კომპანიას ამის უფლებას გაფორმებული ხელშეკრულება აძლევდა]. მეტიც, კომპანიის იურისტს წარმოუდგენლად მიაჩნია ზეპირი ურთიერთობა, როცა საქმე ეხება 30-მილიონიან პროექტს. აქედან გამომდინარე, დავით ჯაიანი სახელმწიფოს სთხოვს დაასახელოს ზეპირი ნებართვის გამცემი მოხელეების ვინაობა და ისიც, თუ ვინ წარმოადგენდა მსგავსი შეთანხმების დროს კომპანიას.

იურისტი კიდევ რამდენიმე შეზღუდვაზე მიუთითებს, მათ შორის იმაზე, რომ აღნიშნულ ზონაში 40-სართულიანი სასტუმროს ასაშენებლად „სიმაღლის კოეფიციენტი აღმოჩნდა შემზღუდველი“; და იმაზეც, რომ ბათუმის მერიამ კომპანიას არ მისცა უფლება, „საკუთრება უსაფრთხო ღობით შემოეღობა“.

„აქთივ ბათუმის“ იურისტი საუბრობს ასევე ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო დეტალზე, რომელიც ხელშეკრულების გაუქმებაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეების ან „კვალიფიკაციაზე“ მიუთითებს ან „წინასწარგანზრახვაზე“: ხელშეკრულების თანახმად „აქთივ ბათუმს“ პროექტის მოსამზადებლად 24-თვიანი ვადა ჰქონდა და ეს ვადა 2012 წლის 30 მარტს იწურებოდა. ნაცვლად ამისა, დავით ჯაიანის თქმით, ხელისუფლებამ ხელშეკრულების მოშლის საფუძველში მიუთითა, რომ „აქთივ ბათუმს“ პროექტის მოსამზადებლად ვადა 2011 წლის 30 მარტამდე ჰქონდა. ამის საფუძველზე დავით ჯაიანი ასკვნის: „აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ სამინისტროს ჩვენ მიერ გასაჩივრებული ბრძანების  მიღების დროს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება“.

რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო მოხელეები მსგავს “ტექნიკურ შეცდომებს“ უშვებენ მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენისას? – აჭარის ხელისუფლებაში ამაზე არ უმსჯელიათ. არც იმის შესახებ გამხდარა საჯაროდ ცნობილი, არჩილ ხაბაძემ დავით ბალაძის ბრძანების გაუქმებამდე შეისწავლა თუ არა ის ფაქტები, რასაც ბიზნესისთვის განზრახ ხელშეშლად მიიჩნევს კომპანიის წარმომადგენელი.

ქონების დაბრუნების შესაძლო მიჩქმალული მიზეზები

DSCN9916კომპანია „აქთივ ბათუმთან“ აჭარის ყოფილი ხელისუფალი – ლევან ვარშალომიძე წარმატებით თანამშრომლობდა. მისი ხელმოწერით ორი საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი, ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაზე, რომელზეც 20-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ახლაც გრძელდება; მეორე კი, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებულ სკვერში 7007 კვადრატულ მეტრზე, სადაც 40-სართულიანი სასტუმროს აშენება იყო დაგეგმილი. ორივე ქონებაში, რომელიც 8 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, „აქთივ ბათუმმა“ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კომპანიამ მშენებლობა თავდაპირველად ყოფილი ფოსტის შენობაზე დაიწყო. ხელშეკრულებით მას ამისათვის 48 თვე ჰქონდა. პროექტის დასასრულებლად კომპანიას დრო და, სავარაუდოდ, ფინანსები არ ეყო. 2016 წლის იანვარს კი, ყოფილი ფოსტის ფასადზე „აქთივ ბათუმის“ ბანერები ჩაანაცვლა კომპანია „მეტრო მეფის“ ბანერებმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო მეფმა“ ყოფილი ფოსტის შენობაზე უკვე აშენებული 20-სართულიანი სასტუმრო იპოთეკით დატვირთა. ბათუმის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაზე შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, როცა „მეტრო მეფის“ ბანერები გამოჩნდა.

„მეტრო მეფი“ რომ დაინტერესებულია ზღვისპირა ზოლში გრანდიოზული მშენებლობის წამოწყებით, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციაა, რომ `ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ჩამორთმეული სკვერის უკან დაბრუნების შემთხვევაში 40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის გარანტორიც „მეტრო მეფია“. „აქთივ ბათუმის“ მენეჯერი მამუკა ზაქარაძე „ბათუმელებთან“ „მეტრო მეფის“ მონაწილეობით სასტუმროს აშენებას ბარბარეს ეკლესიის თუ „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ არც გამორიცხავს. ასევე დადასტურებულია, რომ „მეტრო მეფის“ ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ – „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ საქართველოს სოლიდარობის ფონდში რამდენიმე თვის წინ 1 მილიონი ლარი გადარიცხა. კომპანიის გავლენიანი აქციონერი – გალიფ ოზთურქი კი შეხვდა როგორც მოქმედ, ისე ყოფილ პრემიერ-მინისტრებს. გალიფ ოზთურქს ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭეს.

არჩილ ხაბაძის არგუმენტები, რის გამოც სკვერი კერძო კომპანიას დაუბრუნა

ბრძანებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ 2015 წლის 18 მაისს გამოსცა, „აქთივ ბათუმის“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ბათილად ცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება „ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლაზე“. ხაბაძემ უწყებას დაავალა არსებული გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს.

არჩილ ხაბაძე თავის ბრძანებაში ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება არაზუსტ ინფორმაციებს ეფუძნება. თუმცა ამ დოკუმენტში ტერმინი „წინასწარგანზრახვა“ ნახსენები არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით განმარტეს.

შედეგი – სასტუმრო სარეკრეაციო ზონაში?

ბარბარეს ეკლესიის გვერდით მდებარე სკვერში 40-სართულიანი სასტუმროს შესაძლო მშენებლობას საზოგადოება მას შემდეგ აპროტესტებდა, რაც ლევან ვარშალომიძემ კანონის დარღვევით გადასცა სარეკრეაციო ზონა კერძო კომპანიას. მოსახლეობა ასევე აპროტესტებს „ჭაჭის კოშკის“ გვერდით მდებარე სკვერში მშენებლობის შესაძლებლობას. „ჭაჭის კოშკთან“ მშენებლობის შესახებ ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რასაც ასევე მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი. მაშინ ითქვა, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვით დაინტერესებული იყო კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯია“, თუმცა აჭარის ხელისუფლებისთვის ამ ქონების გადაცემისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა ბათუმის საკრებულომ.

თავის დროზე, როცა 2 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ 500 000 დოლარად გადასცა, ისიც ქალაქ ბათუმის საკუთრება იყო. შესაბამისად, ამ ქონების ანუ ბულვარში მიწის გაყიდვის უფლება ლევან ვარშალომიძეს მანამ არ ჰქონდა, ვიდრე ბათუმის საკრებულო მიწას ოფიციალურად არ გადასცემდა მთავრობას. მაშინ აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოს ნებართვას არ დალოდებია – უფრო ზუსტად, ბათუმის საკრებულოს ამ მიწის გადაცემის თხოვნით 2010 წლის 30 მარტიდან 4 თვის შემდეგ მიმართა. შესაბამისად, „აქთივ ბათუმს“ ქონება თავიდანვე კანონის დარღვევით გადასცეს.

ამ ტერიტორიაზე „აქთივ ბათუმი“ ააშენებს 40-სართულიან შენობას, სადაც უნდა განთავსდეს 200-ოთახიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მიწისქვეშა ავტოფარეხით, სავაჭრო ცენტრებითა და სამორინე, არანაკლებ 20 სათამაშო მაგიდითა და 500 სათამაშო ავტომატით.

ჭაჭის თაუერი - თორნიკე თავაძის ფოტო (4)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: