სიახლეები

დეპუტატის თქმით, „უმაღლესი საბჭო გასარეკია“

06.05.2016 • 1931
დეპუტატის თქმით, „უმაღლესი საბჭო გასარეკია“

უფლებამოსილების გასვლამდე აჭარის უმაღლეს საბჭოს 5 თვე რჩება. ამ ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატების ქცევა უფრო მეტჯერ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი, ვიდრე მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები. ამჯერად უმაღლესი საბჭო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვორუმის პრობლემის გამო მოექცა. დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან, ან ესწრებიან და არ გადიან რეგისტრაციას -აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლის საგაზაფხულო სესიებზე დაგეგმილი 7 სხდომიდან 5 არ შედგა.

არშემდგარი ხუთი სხდომიდან სამი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის არჩევას, ხოლო ორი სხდომა ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენას ითვალისწინებდა. ბოლოს, 27 აპრილს, სხდომის ჩაშლის მიზეზი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის მიუსვლელობა და ბიუჯეტის ანგარიშის მომხსენებლად მისი მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის დაფიქსირება გახდა. მინისტრი მივლინებაში იმყოფებოდა. ოპოზიციური ფრაქციები სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ დარეგისტრირდნენ.

„ეს იყო რიგგარეშე სხდომა და იგი ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაინიშნა. ასევე უცნობი იყო, ამ საკითხზე მომხსენებელი თუ შეიცვლებოდა“, – ამბობს ეკა თარგამაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ოპოზიციის გადაწყვეტილება ბავშვობად შეაფასა „ქართული ოცნების“ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

მანამდე კი, 21 აპრილს, სხდომა, რომელზეც ანგარიშით მინისტრი თავად იყო მისული, არამხოლოდ ოპოზიციური ფრაქციების მიზეზით ჩაიშალა – სხდომას დეპუტატები არც „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან დაესწრნენ. შედეგად გადადეს რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ანგარიშის მოსმენა, რომლის კონტროლიც უმაღლესი საბჭოს მთავარი ფუნქციაა. მანამდე რამდენიმე სხდომა ოპოზიციამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის წარდგენის გამო ჩაშალა. ასე გააპროტესტეს დეპუტატებმაარჩილ ხაბაძის მიერ მათთვის არასასურველი კანდიდატის ხელმეორედ წარდგენა.

გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, სხდომების ვერჩატარების გამომნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რომრჩება? – უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, „თავისუფალი დემოკრატების~ წევრი თემურ კახიძე კითხვას კითხვითვე პასუხობს: „ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – ცალკეული, სახელისუფლებო დეპუტატების თუ, ზოგადად, უმაღლესი საბჭოს? – საბჭოს თავმჯდომარემ იცის, რომ მას არ გააჩნია უმრავლესობა, ამის მიუხედავად ის ვერ უზრუნველყოფს თავისი ფრაქციის წევრების დასწრებას სხდომაზე. ბოლოს წინა სხდომაზე ვთქვი, რომ ვიქნებოდი მე-11კვორუმის მისაღწევად, თუ შეძლებდნენ ათი წევრის მოყვანას. ვერ შეძლეს. პირადად რატომ არ ვრეგისტრირდები? – როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გადის კონსულტაციას იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან, კოალიცია არ გადის კონსულტაციას ოპოზიციასთან, თავმჯდომარე არ მართავს კონსულტაციებს იმისთვის, რომ შედგეს სხდომა მინიმუმ ფონის შესაქმნელად, რომ თითქოსდა უმაღლესი საბჭო მუშაობს… ამათ ხელში საერთოდ უფუნქციოა საბჭო“, – ამბობს თემურ კახიძე.

დეპუტატ მედეა ვასაძის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „კონსესუსი ვერ შედგა ე.წ. ყოფილ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ისინი ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რაც უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის დაშლამ გამოიწვია.“

მედეა ვასაძე არ უარყოფს, რომ უმრავლესობის დაშლის შემდეგ წარმოშობილი დაპირისპირების გამო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადაიდო. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ამაზე თითოეულ დეპუტატს ეკისრება პასუხისმგებლობა.

დეპუტატების ურთიერთბრალდებების ფონზე შეფერხდა რეგიონის სასარგებლოდ „საკუთრების უფლების კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა. დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა იმ მოტივით, რომ აჭარაში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა და ეს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ცვლილების პროექტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა, რომელმაც ის დაიწუნა და დახვეწის მიზნით უმაღლეს საბჭოში დააბრუნა. ამის შემდეგ ამ პროექტზე არაფერი გაგვიგია.

უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე კი იმაზე საუბრობს, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევის პირველივე მცდელობის შემდეგ, არჩილ ხაბაძეს ახალი კანდიდატი დარჩენილი ორიდან უნდა წარედგინა. მისი თქმით, ამის შესახებ კანონში ნათლად წერია და არა ბუნდოვნად, როგორც ამას არჩილ ხაბაძე ამბობდა. თუმცა,თავად პეტრე ზამბახიძეს ამის დამტკიცება უმაღლეს საბჭოში არც კი უცდია.

ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭო გამორჩეულია იმითაც, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს მთავრობის მიერ წარდგენილ საკითხებზე ავტომატურ დასტურს გამორიცხავს და კარგია: „პოზიტივია ის, რომ მმართველ გუნდს ბევრ საკითხზე უწევს კონსულტაციის გავლა პოზიციის შესაჯერებლად. შესაბამისად, მმართველი პარტია მონოლითური არ არის, როგორიც ეს წინა წელს იყო. მანამდე გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით. ამას უნდა გაეზარდა პოლიტიკური კულტურა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ კონსესუსის ნაცვლად, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ბრალდებებსა და შეუთანხმებელ პროცესს, რაც აზარალებს რეგიონს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო გამორჩეულია იმითაც, რომ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას თავადაც უარყოფითად აფასებენ, მათ შორისაა დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. ის ამბობს, რომ `უმაღლესი საბჭო გადაიქცა იმ ორგანიზაციად, სადაც ხალხისთვის არაფერი კეთდება.~ თუმცა, ის ამართლებს სხდომაზე თავისი ფრაქციის წევრების მიუსვლელობას: „ვერ ჩაითვლება ვერც ერთი ჩაშლილი სხდომა პრობლემად იმის გამო, რომ ამ სხდომებზე არ ყოფილა მოსახლეობისთვის საჭირო კანონპროექტი ან დადგენილების პროექტი. ფორმალური სხდომებია, რომლის ჩატარება-არჩატარებაც არანაირ გავლენას არ ახდენს რეგიონზე.“

მედეა ვასაძის თვითშეფასება კი ასეთია: „ერთხელ უკვე ვთქვი, გასარეკი ვართ აქედან-მეთქი, მაგრამ ამომრჩეველს ვთხოვ, ეს ხუთი თვეც მოითმინოს.“

ამომრჩეველთან აღებულ პასუხისმგებლობაზე საბჭოს თავმჯდომარე ტრადიციულად არ საუბრობს. „ამ ეტაპზე თავს შეიკავებს“,- გვიპასუხეს პრესსამსახურში.

„ასე გაგრძელების შემთხვევაში“ არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უმაღლესმა საბჭომ არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს და ხუთი თვით ადრე პრეზიდენტის ჩარევა გახდეს საჭირო. კანონი ამას მაშინ ითვალისწინებს, თუ უმაღლესი საბჭო დაკისრებულ უფლებამოსილებას თავს ვერ ართმევს. სხდომების გამართვა, მთავრობის კონტროლი, ანგარიშის მოსმენა… უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა.

ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული ოთხი კანონპროექტი დაამტკიცა: მედეა ვასაძის ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, თემურ კახიძის ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით, ლობისტური საქმიანობის შესახებ საბიუჯეტო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: