სიახლეები

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

05.05.2016 • 1542
პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დღეს, 5 მაისს უმაღლეს საბჭოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის განცხადებას.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნება [შემდგომ მისი ინვესტორზე გასხვისების მიზნით] აჭარის მთავრობის მიერ, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში გადაცემის საკითხის განხილვის პირობით მოხდა.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უნივერსიტეტს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ უმაღლესი საბჭოს შენობას სარგებლობაში მიიღებს.

„მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას, ვურჩევ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ და ხელი არ შეუშალონ განათლების კერების განვითარებას და უნივერსიტეტს არ წაართვან შენობა, ერთი კონკრეტული ადამიანის, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო. რეგლამენტის მე-7 მუხლის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი. 2012 წლის შემდეგ ეს ნორმა მოქმედებს რეგლამენტში და ამის შეცვლაზეც კი არ ყოფილა ლაპარაკი. შესაბამისად, არ განიხილება ეს საკითხი. როგორც ჩანს ატყუებენ სტუდენტებს, ატყუებენ მოსახლეობას, რომ განიხილება უნივერსიტეტის გადმოტანა აქ, უმაღლესი საბჭოს შენობაში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ პეტრე ზამბახიძემ და აღნიშნა, რომ განხილვის შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანის საკითხს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა უმაღლესი საბჭოს შენობის, ბსუ-სთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხი, „ბათუმელები“ პასუხს აჭარის მთავრობისგან ელოდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: