მთავარი,სიახლეები

ილია ვერძაძე: „არ უნდა ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, საჭიროა პრევენციული ზომები“

05.05.2016 • 1873
ილია ვერძაძე: „არ უნდა ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, საჭიროა პრევენციული ზომები“

5 მაისს აჭარის არქიტექტორთა და მშენებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ლუკა ასათიანის №13-ში შეიკრიბნენ, სადაც გუშინ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა .  მათ შრომისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი უწყებისათვის უფლებების გაზრდა მოითხოვეს.

როგორც „ბათუმელებს“ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ უთხრა, პროფესიული კავშირები დიდი ხანია ითხოვს ქვეყანაში შრომის ტექნიკური ინსპექციის სრული სიმძლავრით ამოქმედებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ ინსტიტუტს მონიტორის უფლებები და მეთვალყურის ფუნქციები დააკისრა.  ინსპექცია ნებაყოფლობით უნდა მიიწვიოს დამსაქმებელმა, მას საკუთარი ინიციატივით მისვლის უფლება [შრომის ტექნიკურ ინსპექციას] არ აქვს. ილია ვერძაძე ამბობს, რომ ეს სიმბოლურს ხდის ამ ინსტიტუტს: „საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს ეს ვალდებულება აღებული. ჩვენ სამმხრივ ფორმატში, საქართველოს პროფესიული გაერთიანების ეგიდით, ადგილებზე, ყველგან ვითხოვთ მკაცრად და კატეგორიულად, რომ გაძლიერდეს შრომის ტექნიკური ინსპექციის ინსტიტუტი, რადგან ამ ინსტიტუტის ამოქმედების გარეშე რეალურად არ გადაწყდება არც ერთი საკითხი და არ მოგვარდება პრობლემა. უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ ჩვენ არ უნდა ვიჯდეთ და ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, რომ 370 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 2006 წელს დამახინჯდა ეს კოდექსი და გაუქმდა შრომის ტექნიკური ინსპექცია.  ჩვენ არ უნდა ვითვლიდეთ იმას, რომ წელს ამდენი დაიღუპა, მომავალში ამდენი დაიღუპება და ა.შ. მხოლოდ მაყურებლის როლში გამოვდიოდეთ. ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ზომები და  როდესაც მშენებლებს ეცოდინებათ, რომ სანქციაა შემოღებული, რომ ინსპექტორი ყოველ წუთს შეიძლება მივიდეს და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ჯარიმა შეიძლება დაემუქროს, კეთილს ინებებს და უფრო მკაცრად დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას“, –  ამბობს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე.

ილია ვერძაძის ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 359 ადამიანი დაიღუპა.

shvela

ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსი, რომლის მე-6 სართულიდან 4 მაისს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: