მთავარი,სიახლეები

კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი

05.05.2016 • 5956
კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი

26 აპრილს, თბილისში, მოქალაქე ნიკა ბერიძე და მისი მეგობრები საყურეს ტარების გამო უცნობმა პირებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. „ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება“, „ქართველს არ გავხარ“, –  მათი თქმით, სწორედ ეს იყო თავდასხმის მოტივი. კაცები საყურეს  გამო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი არაერთხელ გამხდარან საქართველოში. როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებიც ლოზუნგით – „ქართველობას გვართმევენ“ ყველა სიახლეს ეწინააღმდეგებიან, არ იციან, რომ საყურეს არაერთი ქართველი მეფე ატარებდა. ეს ისტორიული წყაროებითა და ფრესკებით დასტურდება.

ბათუმელი ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე საყურეს 13 წლიდან ატარებს. „პეტერბურგში სამხატვრო ტექნიკუმში სწავლის დროს ერთი გოგო სიგიჟემდე მომწონდა. იმ გოგომ მითხრა, შენი შეყვარებული ვიქნები, თუ ყურს გაიხვრეტო. 15 წუთში მქონდა საყურე და იმის შემდეგ შემრჩა“, – ასე იხსენებს ყურის გახვრეტის ისტორიას ირაკლი.

ირაკლი ამბობს, რომ საყურე მოსწონს, უხდება და სხვა რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ამას არ აქვს, „უბრალოდ, ჩემი სიამოვნებისთვის მიკეთია“, – ამბობს ის.

კონფლიქტი საყურის გამო ძირითადად სასულიერო პირებთან ჰქონია. „რატომ გიკეთია, მოიხსენი“, – ხშირად უთქვამთ მისთვის. „ფიქრობენ, რომ კაცი არ უნდა იყოს საყურეთი, თუმცა ისტორიულად საყურე საქართველოში ბევრს ეკეთა, მეფეებსაც კი“, – ამბობს ირაკლი.

ირაკლის აზრით, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კაცს საყურე არ უნდა ეკეთოს, საბჭოთა წარსულიდან აზროვნებენ. „საკუთარი ბებია მეუბნება-ხოლმე, „საყურე იმფერებს უკეთიაო“. რაფერებს-მეთქი და „ცისფერები რომ არიანო“. ეს სტერეოტიპიც საბჭოთა გადმონაშთია, – რაღაც კლიშეები შექმნეს და იქ იყვნენ გაჩხერილები. დიდი სირცხვილია ადამიანს იმიტომ დაარტყა, სცემო, რომ საყურე უკეთია“.

ირაკლი ამბობს, რომ საყურის გამო ფიზიკური დაპირისპირება არავისთან ჰქონია, თუმცა სიტყვიერი კონფლიქტი – კი: „საქართველოში რომ ჩამოვედი, ბათუმში საყურეთი არავინ დადიოდა. ერთი მე ვიყავი და მეორე მუსიკოსი კახა ცისკარიძე. იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი სტუდიიდან მოვიდა და მითხრა, რატომ გიკეთია მამა საყურე, საყურე მარტო გოგოებს უკეთიაო. როგორც ჩანს, იქ უთხრეს, რომ საყურეს გოგონები იკეთებენ მხოლოდ. მაგ გაგებით მაშინ შარვალს არ უნდა იცვამდეს ქალი“.

კვირა ტიტანი [ასე გვეცნობა] გვეუბნება, რომ მისთვის საყურე პროტესტის ფორმაა კრიმინალური სუბკულტურის და იმ სტერეოტიპების მიმართ, ვინც ამბობს, რომ „საყურეს ტარება არაკაცურია“.

„ზოგს ვუხსნი, რატომ მიკეთია, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს, იმასთან საუბარი ჩხუბით მთავრდება. ამოვიდა უკვე ყელში ეს „კიკინა რატომ გაქვს, მოტკეცილი შარვალი რატომ გაცვია. მე რომ ვუთხრა ვინმეს, შავი მაისური რატომ გაცვია-მეთქი, კარგი იქნება?“ – გვეუბნება კვირა. მისი აზრით, მსგავსი კომპლექსები ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს აწუხებთ, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი თავის სხვა ფორმით რეალიზებას და თავად იგონებენ „პრობლემას“.

ირაკლი ძნელაძე. ფოტოგრაფი. ელდარ ბერიძის ფოტო

ირაკლი ძნელაძე. ფოტოგრაფი.
ელდარ ბერიძის ფოტო

საყურეს  ხუთი წელია ატარებს როკ-ჯგუფ „დაგდაგანის“ გიტარისტი გიორგი კოჭლაშვილიც. კვირასგან განსხვავებით, ამბობს, რომ საყურეს გამო კონფლიქტი ჯერ არავისთან ჰქონია: „მხოლოდ უმნიშვნელო შელაპარაკებები ოჯახის წევრებთან,  „ბიჭი ხარ და რად გინდა“. ისევე როგორც ირაკლი და კვირა, გიორგიც ფიქრობს, რომ საყურეს მიმართ აგრესია საბჭოთა აზროვნების გადმონაშთია და პროგრესთან კავშირი არ აქვს.

„მე საყურეებიანი კაცები შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებზეც მინახია და ამაზე არავის ჰქონია გართულება“, – გვეუბნება ის.

თათა ცოფურაშვილი. ფილოსოფოსი.

თათა ცოფურაშვილი. ფილოსოფოსი.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი ამ აგრესიის მთავარ მიზეზს იმაში ხედავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი. „კლასიკური განმარტებით, სამოქალაქო თავისუფლება უწინარესად განისაზღვრება იმით, რომ საზოგადოება განსხვავებული აზრის თუ რელიგიური შეხედულებების გვერდით უშვებს ინდივიდისთვის იმის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისა და თვითგამოხატვის ფორმები, სადაც ერთგვარი „მორალური მარწუხებით“ არ იზღუდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება და მისი პირადი სივრცე.

აგრესია მამაკაცების მიმართ, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ, ან საყურე და პირსინგი აქვთ, ჩვენში ახალი არ არის. მისი საწყისები საბჭოთა პერიოდშიც კი შეიძლება მოვიძიოთ. მაშინ დაკვეთა იყო იმაზე, რომ ყველა ერთნაირი, უნიფიცირებული ყოფილიყო. ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს დასავლური „ჰიპების“ მოძრაობასთან აიგივებდნენ და კონტრკულტურას მიეკუთვნებოდნენ, ხდებოდნენ კომკავშირელებისა თუ მილიციის სპეციალური დანაყოფების დევნის ობიექტი.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკვე 25 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საზოგადოებამ მაინც ვერ მიაღწია თავისუფლების მაღალ ხარისხს და ჯერ კიდევ არსებობს ტოტალიტარული ცნობიერებისთვის დამახასიათებელი დაკვეთა ერთგვაროვნებაზე, რაც თავს იჩენს განსხვავებული აზრის, რელიგიური აღმსარებლობის თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი აგრესიაში.”

როგორც თათა ცოფურაშვილი ამბობს, ეს მთლიანობაში განსხვავებულის მიუღებლობის პრობლემაა. „მოცემულობა, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას ერთ სივრცეში აიტანონ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალოდ განსხვავებული გარეგნობისა და თვითგამოხატვის მქონე ადამიანებიც კი, ყველაზე თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ჩვენ დღემდე პოსტტოტალიტარულ საზოგადოებად ვრჩებით და ეს სიმპტომები კონკრეტულ მოცემულობებში სხვადასხვანაირად იჩენს თავს“.

თათა ცოფურაშვილის აზრით, ერთნაირობაზე, ტოტალურ ერთგვაროვნებაზე მოთხოვნა ფუნდამენტალისტური რელიგიური დაჯგუფებებიდანაც მოდის. „ამის გამოხატულება იყო თუნდაც 2013 წლის 17 მაისი და მომდევნო დღეები, როცა ადგილი ჰქონდა ქუჩაში თავდასხმებს ახალგაზრდებზე, რომლებიც ერთგვაროვანი მასისგან იყვნენ გამორჩეული თავიანთი ჩაცმულობითა თუ ვარცხნილობით. ამიტომ მუშაობს წარმატებულად კლიშე, როცა საყურეანი კაცის გაიგივება ხდება სექსუალურ უმცირესობასთან. საყურე ისტორიულადაც არ ყოფილა უცხო ქართველი კაცებისთვის, რადგან ქართველ მეფეებს საყურეც ეკეთათ, გრძელი თმებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ სექსუალურ ორიენტაციასთან ეს არ ყოფილა დაკავშირებული“.

თათა ცოფურაშვილის თქმით, მამაკაცები საყურეს ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ატარებდნენ ევროპაშიც და აზიაშიც. „შუა საუკუნეებში ჩვენთან აზიური კულტურის დიდი გავლენა იყო და საყურე მამაკაცზე არანაირი ეგზოტიკა არ იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: