ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების  ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების გამოყენებით, სხვა მუნიციპალიტეტებში“.

პროგრამის განსახორციელებლად 64 892 ლარია საჭირო. აქედან 50 229 ლარს განათლების ფონდი გადაიხდის საკუთარი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.

საპროექტო წინადადება – „სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ საბჭოს მიერ  ფონდისთვის შეთავაზებული იქნა 2016 წლის 3 მაისს, შესაბამისად, ა[ა]იპ აჭარის განათლების ფონდი ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს და შესაბამის თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან 6 მაისამდე ელოდება.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამა განხორციელდება 2016 წლის მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ფონდის ინფორმაციით, „დაქირავებული იქნება 5 ტრენერი და მოხდება მუშაობა მათთან მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარების მიზნით. პროგრამის დასაწყისში ტრენერები ჩაატარებენ პირისპირ შეხვედრებს მასწავლებლებთან, რომლის დროსაც მოხდება პედაგოგთა პროფესიული საჭიროებების კვლევა, პროგრამის განხორციელების გეგმის განხილვა; ტრენერი აწარმოებს მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილების დაგეგმვას, მასწავლებელთა სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებას, რის შედეგადაც მოახდენს მათი პროფესიული საჭიროებების კვლევას და ანალიზს. მასწავლებლებთან შეხვედრების დროს ტრენერი ჩაატარებს კონსულტაციებს თანამედროვე სასაუბრო ინგლისური ენის ეფექტური სწავლების საკითხებზე. ტრენერი აგრეთვე უზრუნველყოფს მასწავლებელთა მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების და სოციალური ქსელის ეფექტურად გამოყენებას და სხვ.“

weriliaaa

ამონარიდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ აჭარის განათლების ფონდში გაგზავნილი წერილიდან

განათლების ფონდში აღნიშნავენ, რომ „ბრიტანეთის საბჭოს მიერ დასმულია საკითხი მისი უახლოეს პერიოდში განხორციელების შესახებ, რაც შეუძლებელი იქნება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რაც გულისხმობს, როგორც ტენდერის გამოქვეყნება-ჩატარების, ასევე ხელშეკრულების გაფორმებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის აუცილებლობას. ბრიტანეთის საბჭოს პროექტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი თანადაფინანსება, რისი მიღებაც მიმწოდებლისაგან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com