მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად

04.05.2016 • 2948
საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე.

მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ კორტოხში გამგებლის რწმუნებული, ზვიად პაქსაძეც: „ჩემი მეზობლები არიან და მათი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. საკომლო წიგნის მიხედვითაც საკუთრება მათ ეკუთვნით. ალბათ, შესაბამისი უწყებები გაარკვევენ, რა მოხდა”.

paqsadze

სოფელ კორტოხის მცხოვრებლები

თემურ პაქსაძის თქმით, პრობლემა იდენტურმა სახელებმა და გვარებმა შექმნა: „მამაჩემი იყო გივი პაქსაძე. სხვა გივი პაქსაძემ, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივლეს, დავა წააგო და მიიჩნიეს, რომ მამაჩემის მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება იყო. მამაჩემი 2007 წელს გარდაიცვალა. 2008 წელს ჩემი მიწა ვინმე დავით ბერიძეს დაურეგისტრირეს, რომელმაც იმ სხვა გივი პაქსაძეს მოუგო სასამართლოში დავა. დანარჩენი ხუთივე ოჯახის მიწის ნაკვეთები ოთარ პაქსაძეს ეკუთვნის. მათ საკუთრებას პრობლემა სხვა ოთარ პაქსაძემ შეუქმნა, რომელსაც ასევე ვალები ჰქონდა გადასახდელი.“

ამ მოქალაქეებმა უკვე მიმართეს საჯარო რეესტრს და პროკურატურასაც. „საჯარო რეესტრში მითხრეს, სასამართლო გადაწყვეტილებაში რაც იყო მითითებული, ჩვენ ის დავარეგისტრირეთო, პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და სამოქალაქო დავააო, ასე გვითხრეს,“ – გვიყვება თემურ პაქსაძე.

ექვსივე ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და როგორც ამბობენ, მათი აქცია ერთადერთ მიზანს ემსახურება – გაირკვეს სიმართლე და დაიცვან საკუთრება: „შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწაა და იმასაც ვერ ვამუშავებთ, თქვენი არ არის, მაინც ჩამოგართმევენო – დადიან აღსრულების ბიუროდან… ერთმა სახლიც კი დაშალა და სხვა ნაკვეთში გადაიტანა შიშით… უფულობის გამო ვერც ადვოკატის აყვანას ვახერხებთ“.

ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: