მთავარი,სიახლეები

ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში

04.05.2016 • 2027
ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული.

დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ გაცემულა. წინა შემთხვევებში პოლიციას ცოლი ურეკავდა, რომელიც ადგილზე მისულ პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ქმარს იგი არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ, ხოლო პოლიციას აღელვების გამო მიმართა.

„ამ დროისთვის ისინი შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობენ. სასამართლო განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება. ეს შერიგება ალბათ იქნება იმის წინაპირობა, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მზია დიასამიძემ. მისი თქმით, წყვილი დაახლოებით სამი წლის წინ დაქორწინდა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: