მთავარი,სიახლეები

პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ

04.05.2016 • 2771
პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში  ვერ არეგისტრირებენ

ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია.

ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ რაიმე პრიორიტეტი აღარ მიენიჭებათ. ცენტრის ინფორმაციით, ასეთი 800 მოსწავლე დარეგისტრირდა ბათუმში.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის ცხრა საჯარო სკოლაშია თავისუფალი ადგილები. ეს სკოლებია: N 13, 22, 23, 26, 27, 28, 29, 30, და 31. ეს სკოლები, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში, ეგრეთ წოდებულ შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ამ სკოლების ჩათვლით საერთო რაოდენობა თავისუფალი ადგილებისა, ამ დროისთვის, ჯამში 145-ია [ეს მონაცემი მუდმივად ცვალებადია].

ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრისთვის ბათუმის სკოლებში 1995 პირველკლასელი დარეგისტრირდა, 2014 წელს კი – 1914; შესაბამისად, კლასებისა და ადგილების მიხედვით, წელს 2200 ბავშვის მიღება იყო განსაზღვრული სკოლების მიერ, თუმცა 2055 ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე 145 ვაკანსიაა. ადგილები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემატება, რაც გამოცხადებული ვაკანსია ბოლომდე შეივსება.

„ჩვენ გვქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება საქართველოს განათლების სამინისტროსთან და დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე კლასის დამატების უფლებას მოგვცემენ; ჯერ წერილობით ოფიციალურად არ მიგვიმართავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქის პირველ, მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში ადგილები სავარაუდოდ ვეღარ დაემატება, იმიტომ, რომ აქ ფიზიკურად ოთახების საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ. მისივე თქმით, არც ერთი მომავალი პირველკლასელი რეგისტრაციის გარეშე არ დარჩება, ვინაიდან მათ სამინისტროს თანხმობით რამდენიმე კლასი ზოგ სკოლაში გასულ წელსაც დაამატეს.

დამატებულ ადგილებზე რა პრინციპით იქნება რეგისტრაცია და როდის, დაზუსტებული არ არის. შესაძლოა ეს ადგილები რეგისტრაციის მესამე ეტაპისთვის დაემატოს, რომელიც 2016 წლის 14 ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 30 ივნისამდე.

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყო და გაგრძელდება 25 მაისის, 20:00 საათამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: