მთავარი,სიახლეები

ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

04.05.2016 • 3089
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს.

„საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ისაკუთრებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ყოფილი ტექნიკუმის შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და ახალი სასტუმრო კომპლექსი მთლიანად დახურავს ბოტანიკური ბაღის შესასვლელს,” – ამბობს ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ელგუჯა ბაგრატიონი.

შესაძლოა თუ არა გაუქმდეს ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი? ამ კითხვაზე პასუხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუცია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად 2015 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტი“ და ქონება 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში აქ ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული ტიპის აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი სპაცენტრით. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: