მთავარი,სიახლეები

ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს

03.05.2016 • 2609
ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი, გარიგების საფუძველზე, შპს „კ.მ გრუპმა“ საკუთრებაში შპს „დს გრუპს“ გადასცა.

აღნიშნული ტერიტორია [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი]. 2015 წლის ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით „კ.მ გრუპ“-მა აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის აპრილში მიყიდა შპს „დს გრუპი DS GROUP“-ს. „დს გრუპმა“ კი ტერიტორია საკუთრებაში 2016 წლის 27 აპრილს დაირეგისტრირა.

„კ.მ გრუპ“-ს ვალდებულების შესრულებამდე, ანუ საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, არ ჰქონდა უფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განეკარგა ან დაეტვირთა აღნიშნული ქონება. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან თანხმობა ქონების გადაცემაზე – ვალდებულების შესრულების პირობით, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „დს გრუპი“ „კ.მ გრუპს“ ასაშენებელ სახლში პირველ სართულზე გადასცემს: ორ არასაცხოვრებელ ფართობს – ჯამში 900 კვ/მ-ს; ასევე სხვადასხვა სართულზე 11 ბინას – ჯამში 1449 კვ/მ-ს; მანსარდის სართულზე – 104,1 კვ/მ ბინას და ტერასაზე – 529 კვ/მ ფართობს.

ზუბალაშვილის ქუჩაზე გარკვეული ხეები დღეს უკვე მოჭრილია, იქვე არსებული მაგნოლიების ბედი კი გაურკვეველი.

აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში „დს გრუპს“ მთავრობამ, ასევე სკვერის ნაწილი მიჰყიდა.

„დს გრუპი“ კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენებას ძველ ბულვართან აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: