მთავარი,სიახლეები

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

27.04.2016 • 3163
რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.

წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე „ჟილინის არხის საქმეში“. გამოძიება არჩილ ვანაძესთან ერთად, ხულოს გამგებლის მოადგილეს – ლაშა ბოლქვაძეს [ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა] სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში სდებს ბრალს.

არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე

არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე

დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები – მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩაბარდა.

ახალი სასამართლო დავა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბათუმის მერის წინააღმდეგ დაიწყო. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე აპროტესტებენ წერილს, სადაც გიორგი ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა.

ეს წერილი ერმაკოვს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილისთვის ამ უწყების მოთხოვნის საპასუხოდ იქამდე მიუწერია, ვიდრე მაღალჩინოსნებს ბრალს წარუდგენდნენ.

„მერიას არ ჰქონდა უფლებამოსილება მსგავსი შეფასება მოეხდინა, რადგან არც ერთი ინსტრუქციით ეს არ იყო გათვალისწინებული, რომ არ უნდა გადაგვერიცხა. ჩვენს გადაწყვეტილებას გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ვანაძე, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე.

მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ხულოს გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ ერმაკოვის წერილში გამოთქმული შეფასება არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნებოდა: „არანაირი საფუძველი არ გვქონდა ამისთვის, რომ არ გადაგვერიცხა. ერმაკოვმა მოსაზრება დააფიქსირა ყოველგვარ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობის გარეშე. მერიას ამ მოსაზრების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.“

მერიის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ ამ საკითხზე უშუალოდ მერთან არ უსაუბრიათ. „ვცდილობ, სამართლებრივი ურთიერთობა დავადგინოთ სასამართლოში. ამ საკითხზე გია ერმაკოვთან არ მისაუბრია,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

„არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის წინააღმდეგ,“ – ამ საქმეზე არც ბათუმის მერი გამოცხადდა და არც მისი წარმომადგენელი – ვახტანგ გედენიძე. მერიამ სხდომის გადადება მოითხოვა სხვა სხდომაზე დასწრების მიზეზით, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საფუძვლიანად მიიჩნია. რა შეპასუხება აქვს ბათუმის მერს მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის სარჩელზე? – მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება და ის „ბათუმელების“ ამ შეკითხვას ამიტომ ვერ უპასუხებს. მერიის იურისტი ვახტანგ გედენიძე ამ თემაზე კომენტარს სასამართლოს შემდეგი სხდომის შემდეგ დაგვპირდა.

საქმეზე, სადაც არჩილ ვანაძესა და ლაშა ბოლქვაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად განხორციელებას ედავებიან, უკვე დაიკითხა მოწმედ შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკური დირექტორი – ნუგზარ ნირიმანოვი. მან სასამართლოს უთხრა, რომ რეგულარულად მოწმდებოდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„პირველი ეტაპის შესრულებიდან 10 დღის შემდეგ თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო. მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს?“ – ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მოწმემ უპასუხა, რომ ეს შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო და მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ნირიმანოვს დაცვის მხარემ შეახსენა თუ რატომ გაუფორმა მის კომპანიას მერიამ კონტრაქტი და გადაუხადა 61 ათასი ლარი – რომ ეკონტროლებინა არა მხოლოდ ტექნიკური ხარისხი, არამედ გადახდის სერტიფიკატში დაედგინა სამუშაოს ღირებულება. დავის საგანი სამუშაოების მეორე ეტაპის განსახორციელებლად ავანსად ჩარიცხული თანხაა.

ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად შპს „ჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ კომპანიამაც ვერ შეასრულად ვალდებულებები, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და პირიქით, „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ამჯერად „ჟილინის არხზე“ შპს „მშენებელი 80“ მუშაობს. ეს კომპანია მერიამ ელექტრონული ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: