მთავარი,სიახლეები

„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე

26.04.2016 • 3183
„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე

ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში ძველი, ბათუმური ბელეტაჟის დანგრევასთან დაკავშირებით „მარდი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას წინ უძღოდა საზოგადოება „ბათომის“ წერილი, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელს, ირაკლი ჯიჯავაძეს, კლასიციზმის ნიმუშის, ასწლოვანი შენობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა წერილის მიღებიდან მეორე დღეს „მარდი ჰოლდინგმა“ ბელეტაჟი დაანგრია.

ბელეტაჟი გორგასლის #25-ში დანგრეულია.

ბელეტაჟი გორგასლის #25-ში დანგრეულია.

„ბათუმელებმა“ კითხვით – რატომ არ გაითვალისწინა „მარდი ჰოლდნგმა“ „ბათომის“ თხოვნა? – ირაკლი ჯიჯავაძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ განცხადებას კომპანია გაავრცელებდა. თავის განცხადებაში „მარდი ჰოლდინგი“ იმ გარემოებებს განმარტავს, რის საფუძველზეც მოხდა შენობის დემონტაჟი:

„…ყურადღების არეალში მოქცეული ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ განთავსებული იყო ქალაქის ძველ უბანში, ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში, მაგრამ მას არც წარსულში და მით უფრო არც დემონტაჟის დროს არ გააჩნდა ძეგლის ან სხვა რამე სახის სპეციალური სტატუსი. ამასთან არ არსებობდა/არსებობს დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეჯერებული პოზიცია აღნიშნული ნაგებობის უდავო არქიტექტურული ან/და კულტურული ღირებულების შესახებ“ – აღნიშნულია „მარდი ჰოლდინგის“ განცხადებაში.

კომპანია თავის განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ ძველი, ისტორიული ბელეტაჟის დემონტაჟის და ამ ადგილას ახალი ნაგებობის აგების ნებართვა „განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ (გადაწყვეტილება #03/07/17 4.03.2016). სწორედ საბჭოს პოზიციის გათვალისწინებით გაიცა დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (სმ #001453. 11.04.2016)“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ „მარდი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობას „გააჩნია მტიცე პოზიცია ქალაქის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მათი დაცვა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თითოეული პიროვნებს და მოქალაქის პერსონალური პასუხისმგებლობაა. ამასთან მიაჩნია, რომ ურბანული სივრცის განვითარებათან დაკავშირებული რიგი საკითხები საჭიროებენ სრულყოფას და მეტ სიცხადეს, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ავთენტური არქიტექტურული ფასეულობების შენარჩუნებას და საფუძველს გამოაცლის ცალკეული ჯგუფების მხრიდან პოპულისტური განცხადებების ტირაჟირებას“.

კითხვაზე, რომელი ცალკეული ჯგუფების პოპულისტურ განცხადებას გულისხმობს, ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში „კონკრეტულ ჯგუფზე არ აპელირებენ“: „უფრო ზუსტად, ეს არის განცხადება და ამ ფორმატში ჩვენ მეტს არაფერს არ ვიტყვით, თუ ვიტყვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საჯარო დისკუსია. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მხოლოდ საჯარო დისკუსიაში. ეს არის კომპანიის პოზიცია. ამ შემთხვევაში ვინც თავის თავს იგულისხმებს, ასე ვთქვათ ღმერთმა შეარგოს, ჩვენ კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობთ, განსაკუთრებით ალბათ „ბათომს“. ეს არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია. თუ იქნება დისკუსია და ამას „ბათუმელები“ მოაწყობს, ან სხვა, თუნდაც ტელეეთერში, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“ – განაცხადა ირაკლი ჯიჯავაძემ.

სახლს გორგასლის #25-ში კულტურული მემკვდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნდა, თუმცა იგი ისტორიული შენობა იყო და ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალში იყო მოქცეული. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტრიზაცია გასულ წელს ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

„გეოგრაფიკის“ დასკვნის შემდეგ ეს უკვე მეორე ბელეტაჟია, რომელიც დაანგრიეს [მარტის ბოლოს დაანგრიეს XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი კლდიაშვილის #25-ში, მწერალთა კავშირის გვერდით და აქ 8-სართულიან კოპუსის აშენებას შპს „აჭარა სითი“ გეგმავს] იმის მიუხედავად, რომ სპეციალისტების აზრით, ამ შენობების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შესანარჩუნებლად.

კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.

კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.

ძველი ბათუმის არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი რომ ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის სახლებია, ხელოვნებათმცოდნეებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: