მთავარი,სიახლეები

ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება

21.04.2016 • 2490
ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული  გია ბახუნტარიძის, მირიან ირემაძის და ჯამბულ აბდულაევის დედებმა დღეს,  21 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს.  მათი განცხადებით,  მათი შვილები უკანონოდ არიან დაკავებული და ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული.  ისინი  საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას და სასამართლო გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ.

ნატო ირემაძე,  ბრალდებულ გია ბახუნტარაძის  დედა:  „ვფიქრობ,  ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან და არასწორად დააკავეს. დაკავების დროს ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაზე, მაგრამ შემდეგ ბრალი ტერორიზმთან კავშირის მუხლით  წაუყენეს  და ამით უარყოფითად განაწყეს საზოგადოება ჩვენი შვილების მიმართ“.

ნატო ირემაძის განცხადებით,  მისი შვილის და სხვა დაკავებულების მიმართაც დარღვეული იყო უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„იარაღიც მათი ჩალაგებული იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ გვითვალთვალებდნენ და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში იარაღს სახლში არ შევინახავდით და ასაფეთქებლებზე არ დავიძინებდით. გიას სამი თოთო ბავშვი ჰყავს და ასეთ იარაღს სახლში არ შეინახავდა, მხოლოდ ერთი პისტოლეტის ამოღება მოახერხეს“.

ნატო ირემაძის თქმით, სირიიდან გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ასახული პირები ნამდვილად მისი ოჯახის და შვილების მეგობრები და ახლობლები არიან, თუმცა, ის მათთან  იდეოლოგიურ კავშირს უარყოფს.

„ისინი იყვნენ  ჩვენი მეზობლები, მეგვარეები, ნათესავები… ათი დღის  წასვლით ეს ყველაფერი ხომ არ წყდება, მოკითხვის მიზნით ურაკევდნენ და წერდნენ. თავიანთ ოჯახებს კითხულობდნენ  და ამის გამო ნახევარი სოფელი ხომ არ უნდა დააკავო“, – ამბობს ნატო ირემაძე.

ნათელა ბერიძე, ბრალდებულ მირიან ბერიძის დედა: „მე ვითხოვ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფით საიდუმლო და ფართო საზოგადოებას მიეცეს გამოძიებისა და სასამართლო  განხილევბის მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობა. თხოვნით მივმართავთ შს სამინისტროს, მთავრობას, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ნუ დაარღვევს ადამიანის უფლებებს  და კანონის დაცვით აწარმოოს გამოძიება“.

ნათელა ბერიძის განცხადებით, სახელმწიფომ მათი შვილებისგან მტრის ხატები არ უნდა შექმნას. „ერთი-ერთი სირიაში წასული პირი, ჩემი ძმისშვილია და, ბუნებრივია, ერთმანეთს ნათესაურად წერდნენ. ეს იყო ტერორიზმთან კავშირი, თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ეს არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი“.

ნატო ირემაძე ამბობს, რომ მისი შვილი ტერორისტებს ემიჯნებოდა: „ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, როცა ჩემი შვილი წერდა, ასეთი ცუდი მიმართვა რატომ გააკეთეთო, ნახოს უშიშროებამ ესეც“.

 მერი ივანაძე, ჯამბულ აბდულაევის დედა: „ჩემი შვილი იმავე დღეს აიყვანეს.  მას არც იარაღი ჰქონდა და არც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.

ბრალდებულების მშობლები ასევე აცხადებენ, რომ საქმეში ერთი და იგივე მოწმეები ფიგურირებენ.

ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული ოთხი პირი – გია ბახუნტარაძე (25 წლის), ლაშა გობაძე, ჯამბულ აბდულაევი (24 წლის) და მირიან ბერიძე (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) 2015 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.

მშობლების განცხადებით, დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ. 22 აპრილს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: