საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 15 აპრილს, სერბულ ზრენიანში დაწყებული ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პირველი ლიცენზია მოიპოვა, რომელიც შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ქართველი ფალავანი 66 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენი 6-0, ბულგარელი კონსტანტინ სტასი 4-0 ხოლო ნახევარფინალში კი პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა. ფინალში კი უნგრელ ტამას ლორინცს შეხვდება.
ფედერაციის მონაცემებით: „დღესვე ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთაგან ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხიც გავიდა (59) თუმცა მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგთან 2-6 დათმო შეხვედრა და გამოეთიშა ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლას, პირველ შეხვედრაში კი 2-1 დაამარცხა პოლონელი ანდრეი ერსეტიკი.
ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილს (65) რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა 2-3 დათმო უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან, მანამდე კი გერმანელ ალექსანდრ სემისოროვს 6-5, ხოლო მეოთხედფინალში დაძაბულ შეხვედრაში 11-10 მოუგო თურქ მუსტაფა კაიას.
წინ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირია, სადაც ქართველი მოჭიდავეები შეეცდებიან დარჩენილ წონით კატეგორიებში ოლიმპიური საგზურების მოპოვებას
ხვალ კი ოლიმპიური საგზურებისათვის ბრძოლაში ბერძენ-რომაელთაგან ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), ხოლო თავისუფალ სტილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი ჩაერთვებიან“.
ამავე თემაზე: