მთავარი,სიახლეები

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

15.04.2016 • 3250
სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს.

სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და დროებითი გზის მოწყობა, რათა ტექნიკამ იმოძრაოს. ამ დროებითი გზით სამშენებლო მასალების მიტანა უნდა მოხერხდეს სარფის საბაჟო გამსვლელი პუნქტის მიმდებარედ, ზღვის ნაპირთან, სადაც მოეწყობა ბერმა [ქვების ჩალაგება ნაპირის დაცვის მიზნით].

„ზღვის სეზონის დაწყებამდე, სადღაც პირველ ივნისამდე, პლაჟის გასწვრივ სამუშაოებს მთლიანად უნდა მოვრჩეთ, რათა დამსვენებლებს ხელი არ შეეშალოთ. უკვე დაწყებული გვაქვს ბეტონის კუბების ჩამოსხმა, რომლებითაც აეწყობა საფეხურებიანი კედელი [დაიწყება ზღვის დონიდან 2,5 მეტრით დაბლა და დასრულდება ტალღამრიდით, კედლის მთლიანი სიმაღლე 9,3 მეტრი იქნება]. გაფართოვდება გზის სავალი ნაწილიც 5 მეტრით,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა მალხაზ ლომსაძემ.

მისივე თქმით, გამშვები პუნქტიდან აქეთ, გონიოს მხარეს, დაახლოებით 230 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს არ ეხებიან [აქ ესტაკადა 2011 წელს გაკეთდა, გზა არის სამზოლიანი, გათვალისწინებულია ავტოსადგომიც – ავტ.]. სწორედ ამ ესტაკადის ბოლოდან 110 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა კიბისებური დამცავი და ტალღამრიდი კედელი, რათა პლაჟზე ჩასვლა პრობლემა არ იყოს [აქ ძველი კიბისებური კედელი დაშლილია].
ახალი კიბისებური კედლის გაგრძელება იქნება 232 მეტრი სიგრძის ტალღამრიდი კედელი, ოღონდ არა კიბისებური, არამედ სხვა ფორმის. სწორედ კიბისებური და მის გაგრძელებაზე ასაშენებელი ტალღამრიდი კედლების გასწვრივ, 342 მეტრ სიგრძეზე გაფართოვდება ავტომაგისტრალიც 5 მეტრით. შესაბამისად, ეს მონაკვეთიც იქნება ანალოგიურად ისეთივე, როგორიცაა ესტაკადა – სამზოლიანი, ავტომობილების გასაჩერებელი ადგილებით.

მალხაზ ლომსაძის განცხადებით, ზემოაღნიშნული 110-მეტრიანი მონაკვეთი და გამშვები პუნქტის მიმდებარედ ბერმის მოწყობა უნდა დასრულდეს პირველ ივნისამდე, რათა პლაჟის მიმდებარე პერიმეტრი სარფში მთლიანად გათავისუფლდეს მიმდინარე სამუშაოებისგან და, შესაბამისად, სამშენებლო ტექნიკისგან.

სარფელი ალი მემიშიში ამბობს, რომ მართალია, ზღვაზე და ამინდზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ სარფში ზღვის სეზონი ივნისიდან მაინც იწყება: „რაც კეთდება კარგია, მაგრამ ცოტა გვიან დაიწყეს სამუშაოები. მთავარია, სეზონამდე მოესწროს. სადაც გზიდან პლაჟზე ჩამოსასვლელი კიბეებია, ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ანუ, უნდა მოეწყოს ისე, რომ ხალხი პლაჟზე თავისუფლად ჩავიდეს“.

სამშენებლო უბნის უფროსის, ზვიად სანიკიძის განცხადებით, სარფის მონაკვეთისთვის პროექტი დროულად მომზადდა: „ველოდებოდით ლიცენზიის გაგრძელებას ინერტული მასალების მოსაპოვებლად, შემოტანილი იქნა საჭირო სამშენებლო მასალებიც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა… სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს და ზღვის სეზონამდე აუცილებლად დასრულდება“.

რაც შეეხება დროებითი გზისთვის სანაპიროზე შეტანილ ბალასტს, ის დარჩება ადგილზე. „ზღვის შტორმის დროს ამ ქვიშის ხარჯზე პლაჟიც გაფართოვდება,“ – აცხადებს ზვიად სანიკიძე.

სარფი

სარფი

ალი მემიშიშის თქმით, შტორმი სარფის სანაპიროსთან ძირითადად ნოემბერ-დეკემბერშია, „ზოგჯერ ქარის გარეშეც, აგვისტოს ბოლოს იცის აღელვება ზღვამ, იშვიათად, მაგრამ შესაძლოა მაისის თვეშიც. აქედან გამომდინარე, არ მოესწრება სეზონისთვის ამ ხრეშის მოსწორება შტორმის შედეგად და ამიტომაა აუცილებელი პლაჟზე გასასვლელების მოწესრიგება“.

ზვიად ლომსაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და შეტანილი ბალასტი მოსწორდება ისე, რომ ადამიანებს პლაჟთან მისასვლელად პრობლემა არ შეექმნებათ.

კომპანია ამ ყველაფრის პარალელურად, გააგრძელებს ბეტონის ტეტრაპოდების ჩაწყობას ზღვის სანაპიროზე კვარიათის მიმართულებით.
კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა.

სარფი-კვარიათის მონაკვეთში ესტაკადის ზღვის ზემოქმედების შედეგად გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების, გზის სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოების პროექტში სახელმწიფო 2 273 180 ლარს ხარჯავს, მთის ფერდების გამაგრებისა და ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟზე – 4 241 630 ლარს, ხოლო სარფის მონაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ნაპირის [პლაჟის] აღდგენითი სამუშაოებისთვის – 8 223 050 ლარს. სამუშაოები აქ 2014 წელს დაიწყო. მთლიანობაში, გზის ამ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: