სიახლეები

16 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

14.04.2016 • 1786
16 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 16 აპრილს, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო კონსულტაციები და კვლევები ზამლეთის თემში, შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, „ბათუმის N4 პოლიკლინიკისა“ და „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგისა და უროლოგის სამედიცინო მომსახურებას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში უფასო სამედიცინო აქციას „ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ. კერძოდ, ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ფტიზიატრი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი .

სამინისტროს ცნობით, უფასო სამედიცინო აქციები სამივე მუნიციპალიტეტში 11:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: