მთავარი,სიახლეები

6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და  ჟილინის არხი

10.04.2016 • 2743
6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და  ჟილინის არხი

ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე,  არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარზე. გასული წლის ნოემბერში ხელშეკრულება შეიცვალა და ღირებულება შემცირდა 6 592 ლარით. თანხის შემცირების მიზეზი პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზღვის შესართავიდან რამდენიმე მეტრით აქეთ [საზღვაო სასწავლებლის მიმდებარედ] წყვეტდა არხის რეკონსტრუქციას.

ჟილინის არხი

ჟილინის არხი

„ჩვენ ბათუმის მერია გავაფრთხილეთ, რომ თუ არხი ზღვამდე არ მივიდა და არ გაკეთდა მთლიანად, ახალ კონსტრუქციაში, ანუ ბეტონის გვირაბებში დაილექება ნალექი, ვინაიდან წვიმის წყალთან ერთად ნაგავიც ხვდება შიგ. წყალი თავისუფლად ვერ ჩადის ზღვაში და უკვე შეტბორილია“, – აცხადებენ მშენებელ კომპანიაში.

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ შესართავთან, სადაც რეკონსტრუქცია არ ხდება, მიწის დადაბლებაა აუცილებელი, რათა წყალმა თავისუფლად იდინოს და ახალ კონსტრუქციაშიც დინების სიჩქარემ მოიმატოს.

არხის ბოლო ნაწილში რეკონსტრუქციის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ აქ მერიამ სატუმბი სადგურის აშენება გადაწყვიტა.

„ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იგეგმება სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სანიაღვრე წყლების ზღვაში თვითდენით გადაქაჩვას უხვი ნალექის შემთხვევაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაზეც ერთობლივად მუშაობენ ფრანგული კომპანია „ეგისი“ და თურქული კომპანია „ქავალჯი“.  დოკუმენტაციის მომზადება ოთხი თვის ვადაში უნდა დასრულდეს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სატუმბი სადგურის დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სადგურის მშენებლობა, ბუნებრივია, ცალკე ტენდერით უნდა განხორციელდეს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული.

ჩვენივე ინფორმაციით, „მშენებელი 80“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა კვლავ იგეგმება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან სახელშეკრულებო თანხის შეუცვლელად, „გარკვეული ეკონომიის ხარჯზე“, შესართავთან არხის ღიად დარჩენილი ნაწილი გაწმინდონ, რათა წყალმა ისე იდინოს, ახალ კონსტრუქციაში ნალექი რომ არ დაგროვდეს და წყალი არ დაგუბდეს.

ჟილინის არხი

ჟილინის არხი

„დაახლოებით 200 მეტრზე მეტი მონაკვეთი ზღვასთან, ახალგაკეთებულ სისტემაში დატბორვას იწვევს. ახალი კონსტრუქციიდან ზღვის შესართავამდე მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაიწიოს და ახალგაკეთებული ბეტონის გვირაბის ძირს [საპროექტო ნიშნულს] გაუსწორდეს. ამისთვის საჭირო იქნება მიწის ამოღება, ანუ არხის დაღრმავება 1,3-1,5 მეტრით. ასევე, საჭიროა ახალ ბულვართან ხიდის [ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში, რომელზედაც ავტომაგისტრალი გადის] ფსკერის დანგრევა და დაბლა დაწევა. გარკვეულ ნაწილში ჩადებულია ბეტონის გვირაბები, რაშიც მერიას სხვა კომპანიისთვის აქვს თანხა გადახდილი. ესეც იწვევს შეტბორვას, ამიტომ მოვშლით ამ კონსტრუქციებს და როგორც საჭიროა, ისე ჩავაწყობთ… მხოლოდ ამის შემდეგ ჩავა არხიდან თავისუფლად წყალი ზღვაში“, – ამბობს ზურაბ წიკლაური, „მშენებელი 80“-ის ინჟინერი.

ახალი კომპანია სწორედ ამ სამუშაოების შესრულებას სთავაზობს მერიას.

„ეს იქნება დროებითი ღონისძიება და ორი წელი თავისუფლად იმუშავებს ამის შემდეგ ეს არხი,“ – ამბობს ზურაბ წიკლაური.

ჟილინის არხი

ჟილინის არხი

ჟილინის არხი მთისძირის ქუჩიდან ვიდრე ინასარიძის ქუჩის ბოლომდე ბეტონის გვირაბშია მოქცეული [დარჩენილია რამდენიმე მონაკვეთი]. გვირაბი ზოგან დაფარულია მიწით, ზოგან – არა. გვირაბის დაფარვა საკანალიზაციო ქსელის მოუწესრიგებლობის გამო ვერ ხერხდება. აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეკალური მასები ღიად ჩაედინება არხთან. აქ ზოგი ადგილი ერთგვარ ნაგავსაყრადაცაა ქცეული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ინასარიძის ქუჩის ბოლოში ტერიტორიის მოასფალტება იმ მიზეზითაა შეჩერებული, რომ ამ უბანში საკანალიზაციო [რომელიც ზოგან ამორტიზებულია], სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემებია მოსაწესრიგებელი, ეს სამუშაოები კი მერიას 2017 წელს აქვს დაგეგმილი.

ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია [მთისძირის ქუჩიდან საზღვაო სასწავლებლამდე, მე-14 სკოლის მიმდებარედ] ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  შესაძლებელია სამუშაოები გაცილებით ადრეც, „არაუგვიანეს ივნისის ბოლოს“ დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: