მთავარი,სიახლეები

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

07.04.2016 • 2322
„მორალისტობა მორწმუნის  იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის მსხვერპლნი. რა განაპირობებს მათ მიმართ ასეთ სიძულვილს? – თემაზე „ბათუმელები“ ქალთა ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში, ნანა ფანცულაიას ესაუბრა.

ქალბატონო ნანა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სიძულვილი ასეთი ძლიერი იმ ადამიანების ან მათი შვილების მიმართ, ვისთანაც მხოლოდ ვირტუალური შეხება გვაქვს და რეალურად ნაკლებად ვიცნობთ მათი ცხოვრების დეტალებს? 

ცნობილი ადამიანების შვილების კრიტიკით, რეალურად დარტყმები მათ მშობლებზე, კონკრეტულად კი დედებზე მოდის. სამიზნე, ძირითადად, ქალია, ან შვილი, გოგონა. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი აღიქმება როგორც სიამოვნების ან დაკვირვების ობიექტი და არა როგორც პიროვნება, ინდივიდი. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი არ არის თანასწორუფლებიანი და მიიჩნევენ, რომ ქალის წარმატებას მისი გარეგნული სილამაზე, სხეულის ფორმები განაპირობებს. როცა ქალები ასეთ კონკურენციის პირობებში არიან ჩაყენებული, ისინი ვერ იქნებიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.

წარმატებულ ქალს, რომელიც ხმამაღლა ამბობს, რომ შეყვარებულია, ან აქვს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მაშინვე თავს ესხმიან, ანუ ამას ვერ პატიობენ მათ და ეს აგრესია გადადის შვილებზეც?

როგორ უნდა „აპატიოს“, როცა ამის უფლება ჩვენს საზოგადოებაში აქვს მხოლოდ კაცს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ქალის დაშანტაჟება შეყვარებულით უფრო ადვილია, ვიდრე კაცის. ის ფარული ჩანაწერებიც სწორედ ამ მოტივით გავრცელდა სწორედ ქალებზე და არა კაცებზე. ქალის სექსუალობა ამ ქვეყანაში გაკონტროლებულია. აბსურდამდეც კი მივდივართ, რადგან, ერთი მხრივ, ხაზს ვუსვამთ ქალის სექსუალობას, მეორე მხრივ, კი ვცდილობთ მისი სექსუალობა ვაკონტროლოთ. ჩვენი კულტურა არ უშვებს ქალის სექსუალურ თავისუფლებას თავისი სურვილის მიღმა. იმას, რაც დასაშვებია კაცისთვის, არ უშვებს ქალისთვის. ამიტომ, ძლიერი და პროფესიონალი ქალიც ხდება თვალთვალისა და კონტროლის ობიექტი.

თქვენ თქვით, რომ ქალს არ პატიობენ წარმატებას და თავისუფლებას. მხოლოდ ქალის მიმართ არის აგრესია თუ, ზოგადად, წარმატებული ადამიანების მიმართ?

ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება უფრო აგრესიული იყო პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს, ან წინა პრეზიდენტის მიმართ, რომლის სექსუალურ ისტორიებზეც ხშირად საუბრობდა საზოგადოება, ვიდრე წარმატებული ქალების მიმართ. პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძლება თქვეს, რომ არ არის კარგი, როცა პრეზიდენტი თავის სექსუალურ ცხოვრებაზე საუბრობს, თუმცა საზოგადოება გაცილებით ტოლერანტულია კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ, ვიდრე ქალის. ქალი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს განცხადება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი სკანდალი. „ეს კიდევ პოლიტიკაშია?“ – მსგავსი კითხვა არასოდეს გაჩნდებოდა კაცის მიმართ, თუკი მისი პირადი ცხოვრების დეტალები გასაჯაროვდებოდა, როგორც ეს მოხდა ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ ფარული კადრების გავრცელება ხომ არ უკავშირდება ქალთა მოძრაობას – „მეტი ქალი პოლიტიკაში?“

პოლიტიკაში ყოფნა ძალაუფლების ქონას ნიშნავს, რომელიც საქართველოში, ძირითადად, კაცების ხელშია. როცა ბევრი აქტიური ქალია პოლიტიკაში, შინაგანად ეს არის ძალაუფლების დათმობის, ძალაუფლების გადაცემის საფრთხე კაცებისთვის. ჩვენი საზოგადოება კი მიჩვეულია ქალის ჩაგვრას, ამიტომ არ უნდათ მეტი ქალი პოლიტიკაში. ამიტომ ხდება წარმატებული და პროფესიონალი ქალების დისკრედიტაცია. კაცს არასოდეს ეტყვის კაცი სარკასტულად – „მოგესალმებით შეყვარებულო“ ესა და ესაო. როცა კაცის დისკრედიტაცია უნდათ სექსუალურ ნაწილში, იქ, ძირითადად, საუბარია ხოლმე მის სექსუალურ ორიენტაციაზე და არა იმაზე, რომ მას საყვარელი ჰყავს, ან ვინმეზე შეყვარებულია.

„შორენას მოეკითხა ცოდვების გამო“ – იყო ასეთი კომენტარიც ფეისბუქში, როცა მას შვილი ჰყავდა ცუდად. რა კატეგორიის ხალხია ე.წ. მორალური პოლიცია ფეისბუქში, რომლებიც ადამიანებს კიცხავენ „გარყვნილი“ ცხოვრების გამო?

ეს პოსტსაბჭოური მოვლენაა, რომელიც იყო ე.წ. ყალბი მორალის მქადაგებელი და ამისგან ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაზე რაღაც ეთქმით. მორალისტობა მორწმუნის იმიჯით უფრო ამორალური მგონია. ლანძღო ადამიანები, მათი შვილები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს მათი ცხოვრების წესი, უბრალოდ, სიბნელეა. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ვის მოკითხავს ცოდვებს, ეს მისი საქმე არ არის. ერთი მოსამართლე ამბობდა: „ჩვენ წმინდა წერილით ვხელმძღვანელობთო“. თუ მართლა ხელმძღვანელობ, მაშინ მორალისტი ვერ იქნები, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ამბობს – „არ განიკითხო“. დემოკრატიული კატეგორიებითა და კონსტიტუციით თუ მელაპარაკები, მაშინ მით უფრო არ გაქვს უფლება, სხვისი თავისუფლება შეზღუდო.

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაწერა ფეისბუქსისასტიკეზე. ის ფიქრობს, რომ ამ სიძულვილით ადამიანები ვერ გასცდნენ ინსტინქტს, – „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ბავშვების მიმართ სიძულვილიც ინსტინქტია, თუ კიდევ სხვა რამ?

მე უფრო სოციალური მოვლენა მგონია, რომელიც მყარად არის კონსტრუირებული. ადამიანებმა მორალისტური ფრაზების მიღმა, რაღაც მეტი უნდა იცოდნენ. მაგრამ დღესაც, საზოგადოების დიდი ნაწილი – „რას იტყვის ხალხით“ ცხოვრობს. როცა ადამიანის პირადი ცხოვრება კონტროლდება, ის შემდეგ სხვისი ცხოვრების კონტროლს იწყებს. შინაგანი თავისუფლების დეფიციტია ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლება და საკუთარ თავზე ბევრი ფიქრი გვჭირდება. თუ ვიქნებით თვითკრიტიკულები, ნაკლებად სარკასტულები ვიქნებით სხვების მიმართ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: