4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა.

ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მაშინ „ბათუმელებთან“ ოჯახის მეზობლებმა თქვეს, რომ ბავშვი სისტემატური ძალადობის მსხვერპლი არ იყო და არც ამჯერად უნდა დაისაჯოს მამა შვილის ცემისთვის. სასამართლო დარბაზი ბრალდებულის მეზობლებით და ახლობლებით გაივსო.

„დავუშვათ, ისევ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მოექცა ბრალდებული და ისევ სცემა ბავშვს, როგორ შეიძლება სასამართლომ თავი დაიზღვიოს?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა ის ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავდა.

„ბავშვი უკვე გამოიკითხა. თვეზე მეტია ბრალდებული პატიმრობაშია, ის არის ამ ბავშვისთვის დედაც და მამაც [ნაცემი ბავშვის დედა გარდაცვლილია]. ბავშვი მამის სურათებს ხატავს და ენატრება… ყველა მეზობელი და ახლობელი ადასტურებს, რომ მამა შვილისთვის საფრთხეს არ ქმნის“, – დაახლოებით ამ სიტყვებით დაასაბუთა ადვოკატმა მერი ცინარიძემ ბრალდებულის გათავისუფლების აუცილებლობა.

„ვიდრე ჩამოვიდოდი დარბაზში, კიდევ ერთხელ ვფიქრობდი ნაცემ ბავშვზე. მთავარი არის არასრულწლოვნის ინტერესები, მაგრამ მგონი ეს დრო, რაც პატიმრობაში ხართ, საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ შვილის ცემას არავითარი გამართლება არ ექნება“, – ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შვილთან ურთიერთობა მამას არ ექნება.

სასამართლო არსებით განხილვაზე აღარ დაკითხავს ბრალდებულს და შვილს [ამ ორი მოწმის გამოკითხვის მასალები ორივე მხარემ უდავოდ მიიჩნია].

მ.მ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედება ბრალი, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. ეს მუხლი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი