მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს

01.04.2016 • 1874
ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს

კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს.

ინდმეწარმე მერაბ ბერაძემ (შემდგომში კოოპერატივი რ.კ ქაქუთი) ხელისუფლებასთან ვალდებულებები 2013 წელს, მას შემდეგ აიღო, როცა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ციტრუსის შემფუთავი საწარმოების აღდგენის ინიციატივის შესახებ. აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამხარისხებელი და ტარის მწარმოებელი საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ლარის ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად და გარკვეული ვალდებულებებით საკუთრებაში კერძო პირებს გადასცეს. მათ შორის იყო ინდმეწარმე მერაბ ბერაძეც.

1300კვ/მდე შენობა-ნაგებობა და 7000 კვ/მ მიწა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში აჭარის მთავრობამ ინდმეწარმე მერაბ ბერაძეს – 1 ლარად, შენობაში ციტრუსის შემფუთავი საწარმოს გახსნის პირობით გადასცა. მთავრობასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის პირველ ნოემბრამდე მას არანაკლებ 1 ტონა/საათში წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო უნდა აემოქმედებინა; 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობაზე სახურავის გამაგრება-შეკეთება, ხოლო 2015 წლის ოქტომბრამდე შენობის კეთილმოწყობითი სამუშაოები უნდა დაესრულებინა. 2013 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს საკუთარებაში უნდა ჰქონდა ელექტროსასწორი, პნევმატური ურიკა და ორი ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ხოლო 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე – სატვირთო ავტომანქანები. მთლიანობაში კი ქონების ახალ მეპატრონეს 114 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება დაეკისრა.

„რ/კ ქაქუთის“ მეპატრონე მერაბ ბერაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და 114 000 ლარის ნაცვლად 130 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის ამბობს, რომ ამას დოკუმენტებითაც დაადასტურებს. თუმცა, აჭარის მთავრობასთან პრობლემები მაინც აქვს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ის მთავრობამ დოკუმენტების წარდგენის დაგვიანების გამო 16 500 ლარით დააჯარიმა და საწარმო ჩამოართვა.

მერაბ ბერაძე

მერაბ ბერაძე

მერაბ ბერაძე მიიჩნევს, რომ მას ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა და არ უნდა დაეჯარიმებინათ. ამიტომ მან პრობლემის შესახებ ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – არჩილ ხაბაძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მისწერა და დახმარება სთხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქმეში გარკვევა ბიზნესომბუდსმენს დაავალა. რომელმაც თავის მხრივ „რ.კ ქაქუთის“ მთავრობასთან პრობლემების გასარკვევად აჭარაში თავისი წარმომადგენელი ოთარ რიკაძე მიავლინა. მერაბ ბერაძის ინფორმაციით, ოთარ რიკაძე მას აიმედებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემები აღარ ექნებოდა.

თავად ოთარ რიკაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.

ამის შემდეგ მერაბ ბერაძე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე მიიწვიეს. იქ მან ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. „პრემიერს ჩემი საქმე შევახსენე. მან არჩილ ხაბაძეს გახედა და ჰკითხა, იცით თუ არა რაშია საქმეო“, – იხსენებს ბერაძე.

„ჰილტონში“ შეხვედრის შემდეგ მერაბ ბერაძეს უთხრეს, რომ აღარ აჯარიმებდნენ, პრობლემები მოგვარებული იყო და მალე მისცემდნენ ვალდებულების შესრულების დადასტურების დოკუმენტს. თუმცა, ასე არ მოხდა. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში დაიბარეს და აუხსნეს, რომ ჯარიმის ათი პროცენტი მაინც უნდა გადაეხადა: „მითხრეს, ასეთი წესია, ეს საურავიაო. მინისტრის პირველ მოადგილესაც შევხვდი. მისგან მივიღე პირობა, რომ თუ ამ თანხას გადავიხდიდი, მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებდი და პრობლემები აღარ მექნებოდა“.

მერაბ ბერაძემ დაკისრებული თანხა 2016 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. რის შემდეგაც მას უნდა მიეღო სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების დოკუმენტი. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში ისევ დაიბარეს:

„დამირეკა სამინისტროს თანამშრომელმა არჩილ ბერიძემ. მე ვუთხარი – ხომ შევასრულე უკვე, რაზეც მინისტრის მოადგილეს შევუთანხმდი-მეთქი. მითხრა, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ გეტყით, შეიძლება ქონება ჩამოგართვათ ან ჯარიმა გაგიცოცხლოთო. სამინისტროში არჩილ ბერიძემ ამომიბეჭდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მე დავარღვიე და მაპატიეს.მე არაფერი დამირღვევია, რა მაპატიეს? – შევშინდი. ეს ხაფანგი ხომ არ არის და ჩემთვის ქონების წართმევა უნდათ-მეთქი. რადგან ვიცი, ამ ქონებით ერთი პირია დაინტერესებული“.

მერაბ ბერაძემ „ბათუმელებს“ აჩვენა მინისტრ დავით ბალაძის სახელზე შედგენილი განცხადება, რომელზე ხელმოწერასაც მას სამინისტროს თანამშრომელი არჩილ ბერიძე სთხოვდა. „…ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისთვის დარიცხული ჯარიმის 10% გადახდილი იქნა 2015 წლის 18 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დარჩენილი ჯარიმებისგან გამათავისუფლოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმ ლოგიკით, რომ ამ განცხადების ხელმოწერა ნაკისრი ვალდებულებების ვერ შესრულების აღიარებას ნიშნავდა, მერაბ ბერაძემ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

კოოპერატივ „კ.მ ქაქუთთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელებთან“ საუბარი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ისურვეს. სამინისტროს პრესსამსახურისგან მივიღეთ მოკლე ანოტაცია, სადაც ნათქვამია, რომ მერაბ ბერაძემ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები დაგვიანებით შეასრულა:

„მყიდველის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაგვიანებით იქნა შესრულებული, რაზეც კოოპერატივ „ქაქუთს“ დაერიცხა ჯარიმა – ჯამში 16 512 ლარი. ხოლო აჭარის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის (N10) ოქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია მყიდველი გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმებისაგან, გარდა დარიცხული ჯარიმის 10%-სა (1651,2 ლარი), რომელიც მყიდველმა გადაიხადა 2016 წლის 18 თებერვალს“.

ეკონომიკურ საბჭოს, რომელიც კონტრაქტორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის დავებს განიხილავს, არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს.

„ბათუმელებთან“ 2013 წლის ნოემბერში კოოპერატივებზე მომზადებულ სტატიაში „რ.კ ქაქუთის“ ბუღალტერი ბესო ცეცხლაძე ამბობდა, რომ კოოპერატივმა 16 000 ლარად ღირებული დანადგარი კომპანიას ვალდებულებების ნაწილში მხოლოდ იმიტომ არ ჩაუთვალა, რომ კომპანიამ ერთი დღის დაგვიანებით შეისყიდა ის. „უკვე მივმართეთ მთავრობის თავმჯდომარეს და მისგან გვაქვს კეთილი ნება, რომ ხელშეკრულების პირობას შეგვიცვლიან“.

კითხვაზე – ჯარიმის 10% გადახდის შემდეგ დასრულდა თუ არა მერაბ ბერაძის ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოსთან? – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში `ბათუმელებს~ უპასუხეს: „დიახ, დასრულდა. მას ახლა დარჩა ვალდებულება, რომ ეს პროფილი ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს და დასაქმებული ჰყავდეს არანაკლებ ხუთი მოქალაქე“.

კიდევ ერთი დეტალი: მერაბ ბერაძემ ჯარიმით გათვალისწინებული თანხა 2015 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. „ბათუმელებმა“ კი საჯარო ინფორმაცია მიიღო 17 მარტს, სადაც წერია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „რ.კ ქაქუთთან“ ხელშეკრულების მოშლის ან საინვესტიციო წინადადების შეცვლის საკითხი უნდა განიხილოს.

2013 წლის აგვისტოში არჩილ ხაბაძემ მერაბ ბერაძესთან ერთად 11 პირს გადასცა ქობულეთსა და ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთები 1 ლარად: პირველ ნოემბრამდე მათ უნდა მოეწყოთ მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. 2013 წლის ნოემბრისთვის რამდენიმე მესაკუთრემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პირობები ვერ შეასრულა.

2013 წლსი 21 ნოემბერს გამოკითხული ექვსი მეწარმიდან „ბათუმელებს“ მხოლოდ ორმა დაუდასტურა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის სრულად შესრულება. ერთ-ერთი მათგანი შპს „გუდგუდის“ მფლობელი მურთაზ მიქელაძეა, ხოლო მეორე -შპს – „მანიაკეთი“.

შპს „მანიაკეთთან“ ამ დროისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში აქვს დავა პირგასამტეხლოს ამოღებაზე, პრობლემები აქვს შპს „გუდგუდსაც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: