მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით

31.03.2016 • 2910
მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით

გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა იცრუეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ გასული წლის 3 ივლისს გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეციალური ნიღბებით აღჭურვილი სპეცრაზმის თანამშრომლები აკავებენ ორ პირს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი შალვა ქორიძეა. ვიდრე ამ ვიდეოჩანაწერს სასამართლო დარბაზში აჩვენებდნენ, სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ოთხმა მოწმემ მისცა, ოთხივე პოლიციელია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულები სპეციალურმა რაზმმა კი არა, მათ დააკავეს. მოწმე პოლიციელებს შორის ერთ-ერთი შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვიც იყო.

მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ შალვა ქორიძემ წინააღმდეგობის გაწევის დროს მაისური შემოახია. „მაჩვენეთ თქვენი მაისური და გაჩვენებთ, როგორ დახია“, – ასე უპასუხა მიხეილ ბარნოვმა დაცვის მხარის ადვოკატის, რამინ პაპიძის შეკითხვას: „როგორ და რა ხარისხით დააზიანა მაისური ბრალდებულმა?”

გარდა მიხეილ ბარნოვისა, ამ საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლებმა – მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. სასამართლოს მათვე დაუდასტურეს, რომ შალვა ქორიძე თავად დააკავეს და დამხმარე ძალა, ანუ სპეციალური რაზმი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. კადრების ნახვის შემდეგ პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა: „გასაგებია, რომ ეს კადრები გადაღებულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდა. ჩვენს დაკავების ოქმში ეს დაფიქსირებული არ არის. გადაღება რომ მომხდარიყო, ეს აისახებოდა ოქმის ჩანაწერებში“.

პროკურორს ადვოკატმა რამინ პაპიძემ შეახსენა, რომ თუკი კადრები საეჭვოა, მისი გადამოწმების საშუალება პროკურატურას აქვს.

„ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ ჩავატარებდი“, – იმართლა თავი პროკურორმა, რომელმაც ამ ვიდეოკადრების ჩვენებამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, არ დაშვებულიყო კადრები დამატებით მტკიცებულებად. „დაცვის მხარემ მოწმე პოლიციელების დაკითხვამდეც იცოდა ამ კადრების არსებობის შესახებ და იგი დროულად უნდა წარმოედგინა“, – ამბობდა რამაზ შავაძე. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კადრების ნახვიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა და შალვა ქორიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში გაამართლა. მას მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„გაუგებარია, რატომ დამალა ბრალდების მხარემ ის, რომ ეს პირები სპეცრაზმელებმა დააკავეს“, – იკითხა მოსამართლემ ჩაქუჩის ჩამოკვრის შემდეგ, ანუ განმარტებების დროს. „ეს დასჭირდათ იმიტომ, რომ შალვა ქორიძეს სპეცრაზმელებმა მანქანაში მუშტებით სცემეს სახეში, როცა ის სიტუაციის გარკვევას ცდილობდა“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

გასული წლის 3 ივლისს სპეცრაზმელებმა, შალვა ქორიძესთან ერთად, ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით გ.მ.-ც დააკავეს. გ.მ.-ს საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ამ საქმესაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. აქაც მოწმეებად უკვე დაკითხულნი არიან პოლიციელები, ვისი ჩვენებაც მოსამართლისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

 ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან

ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან

„საგანგაშოა, როცა პოლიციელის ჩვენება სასამართლოსთვის უტყუარი არ არის“, – ასე აფასებენ ამ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. „გამოდის, რომ საქმე გვაქვს ან გამოძიების არაეფექტურობასთან, ან უფრო უარესთან – პოლიციელთა მიერ „შეკერილ“ საქმესთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე დაველოდოთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო განმარტავს, თუ რა გარემოებებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, აუცილებელია შსს-ში დაიწყოს შიდა უწყებრივი მოკვლევა, რათა ამან არ მიიღოს განგრძობადი ხასიათი. ამის რისკები ყოველთვის არსებობს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ხშირად წამახალისებელი ხდება ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, ვის ხელშიც ძალაუფლების ბერკეტებია თავმოყრილი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პოლიციელების მიმართ საქმის მოკვლევას? – შსს-მ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე სასამართლომ 127 პირის საქმე განიხილა, ვისაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლითაც პოლიციელების ტყუილი დადასტურდა, ასევე ჩანს გიგლა მოსიძე, რომელიც შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც საია-ს აჭარის ფილიალის ოფისმა იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა (საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიას და საია-ს თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები სწორედ გიგლა მოსიძემ ამოიღო).

რაც შეეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს, მიხეილ ბარნოვს, იგი გასული წლის აგვისტოშიც მოხვდა „ბათუმელების“ ფურცლებზე. მაშინ ერთ-ერთი ადვოკატი მას დაკავებულისთვის იძულებით წყლის დალევაში ადანაშაულებდა, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. ხმაურიან სასამართლო პროცესზე
დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათი დაკავების მიზეზი ე.წ. კანონიერი ქურდის, „ლავას-ოღლის“ ახლობლობაა. უბნის ინსპექტორების სამმართველოს 29 წლის უფროსი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და ამჟამად უკვე შს მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის წევრია.

მოწმეზე ძალადობის სხვა საქმე სასამართლოში

მოწმეზე ძალადობას ედავებიან ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს – ირაკლი შაქარიშვილსაც. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძემ თქვა, რომ იგი პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა – ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. „შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – ამბობდა რეზო ტაკიძე, ვის საქმესაც ახლა მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ამ საქმეშიც მოწმე პოლიციელები არიან: ექვსივე პოლიციელი ყვება, რომ რეზო ტაკიძე საღამოს ათის ნახევარზე მოწმის სახით დაიბარეს (ეს უწყისში მითითებული ოფიციალური დროა), გვარაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის გამო. „თავისი ფეხით მოვიდა პოლიციაში, ვაწარმოებდი ზეპირ გასაუბრებას და ამ დროს ის გახდა აგრესიული, აიღო ჩემი მაგიდიდან კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა, ხელებს იქნევდა, ფეხი ჩაარტყა პროცესორს. მერე სხვა პოლიციელებსაც აგინა, ვინც იქ შემოვიდა. წაიქცა გასვლის დროს და დავაკავეთ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა პოლიციელმა ბესიკ კაკალაძემ პოლიციის შენობაში რეზო ტაკიძესთან შეხვედრა.

პოლიციელს დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც დაუსვა: „რეზო ტაკიძე მოვიდა პოლიციაში 21 საათსა და 30 წუთზე, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ორსაათნახევარი რატომ დასჭირდა გასაუბრებას? თან თქვენ აღნიშნეთ, რომ ზეპირ გასაუბრებას ახდენდით“.

ბესიკ კაკალაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ კითხვები ბევრი იყო, რადგან პოლიციას სურდა დროულად გამოეძიებია ყაჩაღობის ფაქტი და ლოგიკური ეჭვები არსებობდა რევაზ ტაკიძის მისამართით.

სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელებმა – ირაკლი დავითაძემ და ჯუმბერ თხილაიშვილმაც. „გვერდით ოთახიდან შემოგვესმა გინებისა და მტვრევის ხმა და შევედით“, – ყვებიან დეტექტივ-გამომძიებლები. „რატომ ვერ აღკვეთეთ დროულად რეზო ტაკიძის აგრესია ამდენმა გამოცდილმა პოლიციელმა?“ – დაცვის მხარის ადვოკატის ამ შეკითხვას პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ისინი ბრალდებულს თავდაპირველად დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ. „პერანგიდან სამხრე და ჯიბე რომ ჩამომახია, მაშინ იძულებული გავხდით, დაგვეკავებია,“ – აღნიშნა ჯუმბერ თხილაიშვილმა.

სასამართლო ჯერ არ გადასულა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, სადაც ერთ-ერთი – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იქნება. „დასტურდება, რომ რეზო ტაკიძეს ჰქონდა სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმაც ხაზი გაუსვეს თავიანთ ჩვენებაში იმას, რომ თითქოს რეზო თავისით წაიქცა. არადა, მას მთელი სახის მიდამოები ჩალურჯებული ჰქონდა, ასევე მუხლის მიდამოები“, – ამბობს მერი ცინარიძე, რეზო ტაკიძის ადვოკატი. ის დაკავების დღეს იხსენებს, როცა რეზო ტაკიძის სახლი პოლიციელებმა ისე დაათვალიერეს, რომ ბრალდებულის დაკავების შესახებ ოჯახს არაფერი გაუგია:

„ოჯახმა იცოდა, რომ ის თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა. სახლის დათვალიერების დროს პოლიციელებმა თქვეს, რომ სოფელ გვარაში მომხდარ ყაჩაღობას იძიებდნენ, მაგრამ არ უთხრეს ოჯახს, რეზო დაკავებული რომ იყო. დაკავებამდე პროცედურები ადვოკატის გარეშე ჩატარდა. რეზო რეალურად სარფის საბაჟოზე დააკავეს, მაგრამ ეს კადრები ჩვენ არ მოგვაწოდეს. პოლიციას სურდა სწრაფად გაეხსნა ყაჩაღობის ფაქტი და უკანონოდ დაკავებულ პირს აიძულებდნენ ჩვენების მიცემას“.

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, რეზო ტაკიძეს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებიან. საუბარია კომპიუტერზე, რომელიც პოლიციელების ჩვენებით, ბრალდებულმა დაამტვრია. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. სასამართლო დარბაზიდან იგი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა გაათავისუფლა – დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: