დღეს, 30 მარტს, დილიდან ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სპეცტექნიკა გამოჩნდა, თუმცა ორმოების ამოვსებისა და მოშანდაკების სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები განაახლა. ორმოების ამოვსებას კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც წვიმის შედეგად დაგუბებული წყალი დაშრება.
ორმოების ამოვსებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ გაზეთმა ბათუმელებმა” გუშინ, 29 მარტს, გამოაქვეყნა ფოტო პუშკინის ქუჩიდან.
მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე.“
ქუჩების საკანალიზაციო სისტემი რეაბილიტაციისა და შემდგომ მოასფალტების სამუშაოებისთვის წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის მიუხედავად, ღრმა ორმოები პუშკინისა თუ სხვა ქუჩების იმ მონაკვეთებზე ჯერ კიდევ არ არის ამოვსებული, სადაც სამუშაოები ასე თუ ისე უკვე დასრულდა. შესაბამისად, არც მოშანდაკებითი სამუშაოები ჩატარებულა აქ.
სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ აწარმოებს.